საპენსიო შენატანების ნაწილი ეროვნულ ბანკში გახსნილ საპენსიო სააგენტოს ანგარიშშზე გადავიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ცენტრალურ ბანკში გახსნილ ანგარიშშზე მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადარიცხული 2%-იანი შენატანები განთავსდა, რომელიც აქამდე სახელმწიფო ხაზინაში ინახებოდა და მას არანაირი სარგებელი არ ერიცხებოდა.
“საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს მიეცა აგრეგირებული თანხების ნომინალური მფლობელობის ისეთ ანგარიშებზე განთავსების შესაძლებლობა, რომელსაც კომერციული ბანკების მიერ განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი დაერიცხება.
რაც შეეხება სახელმწიფო ხაზინაში საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს, ეროვნული ბანკის შეთავაზებით, საპენსიო სააგენტოს შეუძლია ყოველდღიურად მოახდინოს აღნიშნული თანხების საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე გადატანა, რასაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობის საპროცენტო სარგებელი დაერიცხება,”-წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, შენატანების ინვესტირება უნდა მოხდეს საინვესტიციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დაამტკიცებს. ამ დრომდე არ არის დაკომპლექტებული საინვესტიციო საბჭო. სებ-ში მიაჩნიათ, რომ საბჭოს დაკომპლექტებამდე მნიშვნელოვანია, უკვე აკუმულირებულ შენატანებს სარგებლის სახით პროცენტი დაერიცხოს.