ახალი ამბები

ინდოეთი და პაკისტანი კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის წინაშე არიან

27 თებერვალი, 2019 •
ინდოეთი და პაკისტანი კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის წინაშე არიან

პაკისტანმა განაცხადა, რომ მის საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო და მფრინავები ტყვედ აიყვანა.

BBC-ის ინფორმაციით,  ამას წინ უძღოდა ინდოეთის მხრიდან ქაშმირის რეგიონის პაკისტანის მიერ კონტროლირებად მხარეს ავიაიერიშის მიტანა ბოევიკების ბანაკზე.

პაკისტანის პრემიერ-მინისტმა, იმრან ხანმა დაადასტურა, რომ დღეს, 27 თებერვალს, პაკისტანმა საპასუხო ავიაიერიში მიიტანა ამავე რეგიონის ინდოეთის კონტროლირებად ნაწილზე. მისივე თქმით, ვითარების შემდგომი ესკალაცია ძალიან საშიშია.

“თუ ამას დავუშვებთ, მეც და ინდოეთის პრემიერ-მინისტრიც სიტუაციაზე კონტროლს დავკარგავთ… ჩვენი მოქმედების მიზანი იყო, უბრალოდ, გვეჩვენებინა მათთვის, რომ ჩვენც შეგვიძლია მათ ტერიტორიაზე შეჭრა, როგორც ეს თავად გააკეთეს”, – განაცხადა მან.

თავის მხრივ, ინდოეთმა პაკისტანის ერთი თვითმრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა, რაც ისლამაბადმა უარყო.

საჰაერო დარტყმები ინდოეთისა და პაკისტანის გამყოფი ე.წ. კონტროლის ხაზის ტერიტორიაზე პირველია 1971 წლის ომის შემდეგ.

პაკისტანმა სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენებიც შეაჩერა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ინდოეთისა და პაკისტანის ხელისუფლებებს სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.

პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც 14 თებერვალს ტერორისტულ თავდასხმას ქაშმირში 40 ინდოელი სამხედრო პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა რადიკალურმა დაჯგუფებამ, “ჯაიშ-ე-მუჰამედმა” აიღო. მაშინ ინდოეთმა პაკისტანს მოუწოდა, ტერორისტების მხარდაჭერა შეეწყვიტა და აღეკვეთა ტერორისტული დაჯგუფებების მოქმედება მის ტერიტორიაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი