ახალი ამბები

აშშ-მა რუსეთის “ტროლების ფაბრიკას” ინტერნეტი გაუთიშა – WP

27 თებერვალი, 2019 • 2317
აშშ-მა რუსეთის “ტროლების ფაბრიკას” ინტერნეტი გაუთიშა – WP

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ რუსეთში არსებულ ე.წ. ტროლების ფაბრიკას ინტერნეტთან წვდომა შეუწყვიტა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. სტატიის თანახმად, ეს მოხდა აშშ-ის კონგრესის არჩევნების დღეს, პროცესში მოსკოვის ჩარევისა და დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

WP-ს თანახმად, ვაშინგტონის ეს დარტყმა რუსეთის ე.წ. ინტერნეტის კვლევის სააგენტოზე, რომელიც პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის სახელს უკავშირდება, პირველი ნაწილია რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული კიბერ-კამპანიისა აშშ-ის არჩევნებში მისი ჩარევების აღსაკვეთად.

WP წერს, რომ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარების ინიციატივაზე თანხმობა თავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისაგან მიიღო. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თანახმად კი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, აშშ-ის კიბერ-სარდლობის ამ ოპერაციის შედეგად ე.წ. ტროლების ფაბრიკა მთლიანად გაითიშა ქსელიდან. თავად კიბერ-სარდლობა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

აშშ-ის საგამოძიებო უწყებების თანახმად, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში მდებარე ე.წ. ტროლების ქარხანას რუსი ოლიგარქი და პუტინის მოკავშირე, ევგენი პრიგოჟინი აფინანსებს. პრიგოჟინი და მისი კომპანია “Concord Management” 16 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შორის იყო, რომლებიც სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიების ფარგლებში გამოვლინდნენ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.

Washingtoon Post-ს ოლიგარქმა წერილობით უპასუხა დ აღნიშნა, რომ არ შეუძლია, ინტერნეტის კვლევის სააგენტოს(ე.წ. ტროლების ფაბრიკის) საქმიანობაზე რაიმე კომენტარი გააკეთოს, რადგან მასთან არანაირი კავშირი აქვს. კომენტარს არც მისი კომპანია აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი