ახალი ამბები

მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით გამოყოფა მიუღებელია – ლომჯარია ჯაშს

26 თებერვალი, 2019 •
მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით გამოყოფა მიუღებელია – ლომჯარია ჯაშს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აკრიტიკებს პარლამენტარ მარიამ ჯაშს და მიუღებელს უწოდებს მის განცხადებას საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის შესახებ.

მარიამ ჯაშის კომენტარი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და აზერბაიჯანში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაზე “პირველმა არხმა” 26 თებერვალს გაავრცელა.

მარიამ ჯაშის თქმით, უნდა მოხდეს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებების გათანაბრება საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებთან როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე.

„უნდა მოვიფიქროთ ერთიანი მიდგომა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე“, – “პირველი არხის” ცნობით, განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამასთან დაკავშირებით ისაუბრა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემაც:

“ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რომ პრობლემების გადაჭრა ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად მოხერხდეს. გაგვაჩნია ძალიან სერიოზული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ასევე, გაგვაჩნია ისტორიულად კარგი ურთიერთობა, რაც გახდება საფუძველი, რომ პრობლემები, რომელიც ქართველი მოსახლეობის წინაშე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობს, ეტაპობრივად იყოს აღმოფხვრილი, ისევე როგორც ჩვენ ვცდილობთ, ყველანაირი პრობლემა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელებისა იყოს გადაწყვეტილი და მოწესრიგებული“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ “პირველი არხის: მიხედვით.

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას კრიტიკა სწორედ დეპუტატების ამ განცხადებას ეხება.

“ქ-ნო მარიამ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები საქართველოს ისეთივე მოქალაქეები არიან და ისეთივე უფლებებით სარგებლობენ, როგორც ეთნიკური ქართველები ან სხვა ეროვნების მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით გამოყოფა სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია. ის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს ვიცავთ და უნდა დავიცვათ, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების, ეს ჩვენი ქვეყნის საქმეა და აზერბაიჯანის ან სხვა სახელმწიფოს დასანახად, ან კონტრსარგებლის მისაღებად, თუნდაც სრულიად მართებული ინტერესების გასატარებლად, არ უნდა ვაკეთებდეთ და ვიყენებდეთ ამ საკითხს. მე ვფიქრობ, თქვენი განცხადება ძალიან არასწორ გზავნილებს შეიცავს”, – წერს სახლახო დამცველი ფეისბუკზე საჯაროდ გამოქვეუყნებულ პოსტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი