ბრიტანელი ულტრამემარჯვენე აქტივისტი ტომი რობინსონი ფეისბუკმა და ინსტაგრამმა დაბლოკა

ულტრამემარჯვენე აქტივისტი, ისლამოფობიური ორგანიზაცია “ინგლისის დაცვის ლიგის” (EDL-ის) დამფუძნებელი და ყოფილი ლიდერი ტომი რობინსონი, ფეისბუკმა და ინსტაგრამმა თავიანთ პლატფორმებზე დაბლოკეს სიძულვილის ენის განუწყვეტლივ გამოყენების გამო.

ფეისბუკმა განაცხადა, რომ რობინსონმა დაარღვია საიტის პოლიტიკა სიძულვილის ენის შესახებ. მათ თანახმად, იგი გამუდმებით არღვევდა წესებს, რომლებიც კრძალავს სხვადასხვა ნიშნით ადამიანების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებას.

ფეისბუკმა 1 თვის წინ გააფრთხილა რობინსონი, რომ თუ კომპანიის წესების დარღვევას გააგრძელებდა, სამუდამოდ წაშლიდნენ.

“გარდიანის” თანახმად, რობინსონს, რომელიც აქამდე ტვიტერსაც დაბლოკილი ჰყავდა, ახლა მხოლოდ იუტუბიღა რჩება ძირითად პლატფორმად, სადაც აქტიურობას განაგრძობს.

EDL არის ულტრამემარჯვენე, ისლამოფობიური ორგანიზაცია; რობინსონი 2018 წლიდან დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის (UKIP-ის) ლიდერის, ჯერარდ ბეიტენის პოლიტიკური მრჩეველია.

2018 წლის მაისში რობინსონს 13-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს სასამართლოს უპატივცემულობის გამო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სექტემბერში პატიმრობიდან გაუშვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com