ახალი ამბები

ხაზარაძის თქმით, თიბისის საქმე საქართველოს იმიჯს აზიანებს

26 თებერვალი, 2019 •
ხაზარაძის თქმით, თიბისის საქმე საქართველოს იმიჯს აზიანებს

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოს იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. თიბისის დამფუძნებელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანა “ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან” არის ასოცირებული.

“თუ თქვენ მოიკითხავთ ნებისმიერ მსოფლიოს სააგენტოში, რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ, აბსურდულ ბრალდებებთან.

ბოლო 1 თვის განმვალობაში მაქვს შეხვედრები თითქმის ყველა ფინანსურ ინსტიტუტთან – ეს არის ნომერ პირველი სალაპარაკო თემა. სამწუხაროა, რომ უკვე კომენტარები მიდის, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით”, – აღნიშნა მან.


თიბისი ბანკში ეროვნულმა ბანკმა ინსპექტირება განახორციელა 2007 და 2008 წლებში შესრულებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც თიბისი 1 მილიონი ლარით დააჯარიმა. რეგულატორი აცხადებდა, რომ ამ ოპერაციებისას თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ, ბადრი ჯაფარიძემ, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნები დაარღვიეს. ბანკს მათ მიმართ ახალი სესხებისა და გარანტიების გაცემა აეკრძალა, შემდეგ კი, 14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა ორივე მათგანის საბჭოდან გასვლა მოითხოვა.

თავდაპირველად, ხაზარაძე დ აჯაფარიძე მოთხოვნას არ დაეთანხმნენ. ბანკმა განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თიბისი ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში აპირებდა დავას, თუმცა მოგვიანებით ბანკმა დავა შეწყვიტა, ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ის ბანკს დატოვებდა. იგივე პოზიცია დააფიქსირა ბადრი ჯაფარიძემაც, თუმცა ამ უკანასკნელს სამართლებრივი დავა ეროვნულ ბანკთან არ შეუწყვეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი