პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ “არაფერ ტრაგიკულს არ ხედავს” პარტია “ქართული ოცნებიდან” წევრების გასვლაში.
26 თებერვალს მთავრობის სხდომამდე ტელეკომპანია “იმედის” კითხვაზე, “რა ხდება მმართველ გუნდში”, ბახტაძემ უპასუხა:
“მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა გუნდის თითოეული წევრის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ის იდეალები, რაც გვაერთიანებს და რითაც 2012 წელს საზოგადოების მხარდაჭერა მივიღეთ, ეს დემოკრატიის კონსოლიდაცია წარმატებით შესრულდება, რადგან ეს ფასეულობები გვაერთიანებს”.
ბახტაძის თანახმად, “პლურალიზმი არის ჩვენი გუნდის მონაპოვარი… ჩვენ შევცვალეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელი და ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. რაც ხდება, ამ კონტექსტში განვიხილავთ. ეს არის პლურალიზმი, დემოკრატიის ბუნებრივი პროცესი და არაფერ ტრაგიკულს არ ვხედავ”.
დეპუტატების ნაწილის უმრავლესობიდან გასვლის შედეგად “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა; ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და სხვებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრებიც აპირებენ.
“გვაქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში და, ბუნებრივია, ასეც გაგრძელდება”, – განაცხადა ბახტაძემ.