გაზრდილი ჯარიმა და პატიმრობის ვადა – ცვლილებები ცხოველთა წამების წინააღმდეგ

თბილისის მუნიციპალიტეტის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ცხოველთა წამებისთვის ან/და არასათანადო მოპყრობისთვის გაზრდილ ჯარიმებსა და საპატიმრო ვადას ითვალისწინებს.

სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია ნეტგაზეთთან ამბობს, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ დღეს არსებული იურიდიული ხარვეზები უნდა გამოსწოროს. მისივე თქმით, ცვლილება სააგენტომ თბილისის მერიასა და შსს-თან ერთად მოამზადა.

დღესდღეობით საქართველოში ცხოველების წამებას არეგულირებს როგორც სისხლის სამართლის კოდექსი (259-ე მუხლი), ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (104-ე მუხლი). თუმცა ვახტანგ ლომჯარია ამბობს, რომ ეს ორი მუხლი ერთმანეთის იდენტურია და, შესაბამისად, ცხოველის წამების შემთხვევაშიც კი, მოქალაქე სასამართლოს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმით ტოვებს.

“ეს ორი მუხლი ორ სხვადასხვა კანონში აბსოლუტურად იდენტურია და ეს სამართლებრივად დასაშვები არ არის. ცვლილებების შედეგად ეს ხარვეზი გამოსწორდება და გაიმიჯნება სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული დარღვევა ერთმანეთისგან.

სისხლის სამართლის 259-ე მუხლი განიმარტება, როგორც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, ხოლო ადმინისტრაციული 104-ე მუხლი განიმარტება, როგორც ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა და პირობითად, თუ პირველ შემთხვევაში საქმე გვქონდა სასტიკ მოპრყობასთან, რომელმაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია, მეორე შემთხვევაში  ჩვენ საქმე გვექნება ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობაში, რაც შედარებით მსუბუქია და იწვევს მის წვალებას, ტანჯვას, სხეულის დაზიანებას და ა.შ.  “, – ამბობს ვახტანგ ლომჯარია.

რაც შეეხება ჯარიმებს, 104-ე ადმინისტრაციული მუხლის შემთხვევაში და იმის გათვალისწინებით, ქმედება ერთხელ მოხდა თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ჯარიმა 100-დან 500 ლარამდე იქნება.

259-ე სსკ მუხლის შემთხვევაში კი, ცვლილებების მიხედვით, წამების ერთჯერადი შემთხვევის დადასტურების შედეგადაც კი მოქალაქეს 6-დან 1 წლამდე შინაპატიმრობა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. განმეორების, ჯგუფურად ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში ვადა იზრდება და ცვლილებათა პაკეტი 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ასევე პაკეტი ითვალისწინებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს 172-ე მუხლი, სადაც საუბარია მშობლის პასუხისმგებლობაზე  არასრულწლოვანი შვილის მიერ სხვადასხვა კანონდარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა ცვლილებების შემდეგ ამ სხვადსხვა კანონდარღვევებს – იმავე ხულიგნობას, ცივი იარაღის ტარებას და ა.შ. დაემატება ცხოველის მიმართ არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა, რისი დადასუტრების შემთხვევაში 100-დან 300 ლარამდე დაჯარიმდება მშობელი.

ჩვენი აზრით, ეს ძალიან სწორია, ვინაიდან აქ გამოიკვეთება აუცილებლობა, რომ მშობლებმა სათანადო ყურადღება მიაქციონ შვილების მიერ სისასტიკის გამოვლენის ფაქტებს”, – განმარტავს ვახტანგ ლომჯარია.

რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, ცხოველისადმი სასტიკი მოპრყობა, რომელმაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ისჯება. იგივე ქმედება, რომელიც ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებითაა ჩადენილი, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი ვერსიით, 104-ე მუხლი – ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვა, ითვალისწინებს ჯარიმას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

ვახტანგ ლომჯარია ამბობს, რომ ხარვეზიანი კანონმდებლობის გამო 2018 წელს თავშესაფარში 1 163 ტრავმირებული ცხოველი შევიდა, რომელთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, წამების ან სასტიკი მოპყრობის მსხვეპლი იყო. რაც შეეხება დადასტურებულ ფაქტებს, ამავე წელს თავშესაფარში 11 ცხოველი შეიყვანეს, რომლებსაც იარაღით, დამდუღვრით, ბლაგვი და მსხვილი საგნით ან პნევმატური იარაღით მიყენებული სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდათ. 11 ცხოველიდან მხოლოდ 6-ის გადარჩენა მოხერხდა. ამ შემთხვევებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან