ახალი ამბები

ბესელიას სახით, სანერვიულო გაუჩნდა ოპოზიციასაც – თალაკვაძე

24 თებერვალი, 2019 •
ბესელიას სახით, სანერვიულო გაუჩნდა ოპოზიციასაც – თალაკვაძე

“ქართული ოცნების” დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეკა ბესელია, რომელმაც უმრავლესობა დატოვა, “სანერვიულოს ოპოზიციასაც გაუჩენს”. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენთვის არის გულდასაწყვეტი, რა თქმა უნდა, რომ ეს ადამიანები გავიდნენ უმრავლესობიდან. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან ერთად უფრო მეტი სანერვიულო გაუჩნდა ოპოზიციასაც, იმიტომ, რომ თუნდაც, ეკა ბესელია, არის ძლიერი ქალი პოლიტიკოსი. მისი გადასვლა დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში იმასაც ნიშნავს, რომ ის, რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც წაართმევს სიტყვას და დროს”, – აღნიშნავს თალაკვაძე.

ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობისა და “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ 22 თებერვალს განაცხადა. დეპუტატის თქმით, ქართული ოცნება თავის ღირებულებებს ასცდა. ამის მაგალითად სასამართლოს საკითხი დაასახელა.

22 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობას, ბესელიას გარდა, ტოვებენ ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და გედევან ფოფხაძე. გასულ წელს უმრავლესობის რიგები დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემაც დატოვა. ასე “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი