ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს, 23 თებერვალს გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთივე პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით დააკავა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, უშუალოდ განზრახ მკლელობაში ბრალდებული, შსს-ს ინფორმაციით, გამოვლენილია, მაგრამ დაკავებული არაა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 19 თებერვალს თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ლ.ს-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ბ.ბ-ს, რის გამოც იქვე მყოფმა, 1979 წელს დაბადებულმა ა.ბ-მ, თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღით კონფლიქტში მონაწილე პირების მიმართ საპასუხო გასროლები
განახორციელა. აღნიშნული სროლის დროს, მან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1969 წელს დაბადებულ ზ.ჯ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტში მონაწილე სხვა პირები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.