ახალი ამბები

ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრას ორშაბათიდან გააგრძელებს – “ქართული ოცნება”

22 თებერვალი, 2019 • 1387
ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრას ორშაბათიდან გააგრძელებს – “ქართული ოცნება”

“ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრის გამართვას გეგმავს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეს გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ უმრავლესობის ფორმატში საკითხების დეტალურად განხილვა ვერ ხდება.

პარტიაში აცხადებენ, რომ თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ივანიშვილი პირველად სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით:

“პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან.

შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტულობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით” – წერია “ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიაში აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში გაგრძელდება და მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი.

ამავე თემაზე:

ქანთარია: შეხვედრაზე დეპუტატების “ოცნებიდან” გარიცხვის თემაზე საუბარი არ ყოფილა

მასალების გადაბეჭდვის წესი