იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა, კონსულტაციები გაიაროს პალრამენტის ვიცესპიკერთან.
გუშინ პარლამენტის ვიცესპიკერმა ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ უნდა მოხდეს 5 წევრის გაწვევა. ამასთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ არსებობს თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტაზე კანონში ჩანაწერი. ამას უნდა ჰქონდეს თავისი სამართლებრივი საფუძვლები. ერთ-ერთ საფუძვლად მოხსენიებულია არაჯეროვანი შესრულება საქმიანობის – როდესაც სისტემატიურად არღვევს ამა თუ იმ სტანდარტს, თუმცა ეს არის ზოგადი ჩანაწერი კანონში და შესაძლოა განმარტების საფუძველი გახდეს. მესმის, ამ სიტუაციაში, რასაც ცდილობს პარლამენტი – გამოსავალს ეძებს,” – ამბობს ჯანეზაშვილი.
ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ გამოსავლის მოძებნა შესაძლებელია და მზადყოფნას გამოთქვამს, ამ გამოსავლის მოძებნაში ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დაეხმაროს: “იქნება ეს პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება თუ სასამართლო, რომელსაც ის მოსამართლეთა კორპუსი და ის ნაწილი, რომელსაც პროცესებთან დაკავშირებით აქვს ჯანსაღი ხედვა”.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები დატოვებენ მოსამართლეობის თანამდებობას, ისიც დატოვებს საბჭოს:
მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თუ მოსამართლის თანამდებობიდან გადადგებიან მიხეილ ჩინჩალაძე, მურუსიძე და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მხოლოდ მოსამართლის თანამდებობიდან გადადგებიან და არა საბჭოს წევრობიდან, იმავე დღეს მე დავწერ განცხადებას ჩემი გადადგომის შესახებ და წარვუდგენ პარლამენტს”.
როგორც ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი და, მით უმეტეს, არამოსამართლე წევრის როლი საბჭოში არის განუზომელი, თუმცა, თუ სისტემის გასაწმენდად იქნება აუცილებელი, განცხადებას დაწერს და თანამდებობიდან წავა.
თავად თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადად მისი რეკომენდაციით არის, რის გამოც არ სჭირდება ოპონენტებისგან ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანეზაშვილის საბჭოში ყოფნა.
ჩუგოშვილმა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ალტერნატიული გზა წარადგინა
პარლამენტის ვიცესპიკერი გუშინ გამოვიდა ინიციატივით, რომ საკანონმდებლო ორგანომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოიწვიოს თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი, თუკი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნებს არ შეაჩერებს.
თამარ ჩუგოშვილმა თანაგუნდელთა უმეტესობასთან ერთად მხარი არ დაუჭირა ეკა ბესელიასა და სხვების ინიციატივას სასამართლოების I და II ინსტანციებში მოსამართლეთა უვადო დანიშვნების 2025 წლამდე შეჩერების თაობაზე. მან კენჭისყრაზე თავი შეიკავა.
ნაზი ჯანეზაშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნას ყველაზე მეტმა, 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისგან შედგება. ამ დროისთვის პარლამენტის კვოტით დანიშნული წევრები არიან:
- შოთა ქადაგიძე
- ნაზი ჯანეზაშვილი
- ირმა გელაშვილი
- ზაზა ხარებავა
- ლევან გზირიშვილი