ახალი ამბები

მთავარი ოპოზიციური პარტიების ალაგმვა სწორი არ მგონია – ჩუგოშვილი

22 თებერვალი, 2019 • 1942
მთავარი ოპოზიციური პარტიების ალაგმვა სწორი არ მგონია – ჩუგოშვილი

პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” რეზოლუციის პროექტს.

“ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს სისტემური დანაშაულები ხდებოდა მასობრივად, დადგენილი ფაქტია. ამაზე არანაირი დავა და კამათი არ შეიძლება. არც იმაზე შეიძლება დავა, რომ დანაშაულებრივი ფორმა თვითონ სახელმწიფოს ჰქონდა მიღებული, მაგრამ მე თავი შევიკავე რეზოლუციის მხარდაჭერისგან იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია სწორი მთავარი ოპოზიციური პარტიების ალაგმვა, მიუხედავად იმისა, ისინი მომწონს თუ არა. მე ისინი არ მომწონს, არ მომწონდა და მიუღებელი იყო, რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანთი მმართველობის პირობებში, მაგრამ ისინი არიან ოპოზიცია, ჩვენი კონკურენტები და ოპოზიციის ალაგმვა არ არის სწორი რამ”, – განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.

გუშინ, 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო “პატრიოტთა ალიანსის” რეზოლუცია  “სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ”.

რეზოლუციას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 15-მა უარი დააფიქსირა.

სია – ვინ (არ) დაუჭირა მხარი ენმ-ის მმართველობის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციას

მასალების გადაბეჭდვის წესი