“ცხინვალის” ფეხბურთელების დაკავებას თურქეთში საქართველოს კონსული ეხმაურება. კონსტანტინე კოტარია ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ ამ დროისთვის ფეხბურთელები დაკავებული არ არიან და ერთადერთი შეზღუდვა, რაც მათ დაუწესეს – ქვეყნიდან გაუსვლელობის მოთხოვნაა.
მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს.
“ფეხბურთელებს ედავებიან ქურდობას. ჩვენ გვაქვს კონტაქტი გუნდის წევრებთან, ხელმძღვანელობასთან და თურქ სამართალდამცველებთან. ფეხბურთელები ახლა დაკავებულნი არ არიან, იმყოფებიან შეკრების ადგილზე გუნდთან ერთად, ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც დაადგენს, რამდენად რეალურია ან არარეალურია აღნიშნული ბრალდება.
ფაქტი მოხდა გუშინ, სამართლდამცველებმა დაააკავეს და ბრალი წარუდგინეს მათ, თუმცა, არასამუშაო საათები რადგან იყო, მორიგე მოსამართლემ ჩაატარა მოსმენა. არ დასრულებულა პროცესი, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში უნდა გაიმართოს მეორე პროცესი. ფეხბურთელები შეზღუდულები არაფერში არიან, ერთადერთი, სანამ საბოლოოდ არ დასრულდება და არ იქნება სასამართლო გადაწყვეტილება, ქვეყნიდან გაუსვლელობის მოთხოვნა აქვთ, რაც რამდენიმე დღეში გაირკვევა. არაფერი სხვა შეზღუდვა მათ არ აქვთ,” – ამბობს კონსტანტინე კოტარია.
CNN Turk-ის ინფორმაციით, თურქეთში, ანტალიაში “ცხინვალის სპარტაკის” 5 ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ქურდობის ფაქტზე დააკავეს. როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა გუშინ, 21 თებერვალს, 17:45 საათზე სავაჭრო ცენტრში მოხდა.
“ცხინვალის” 5 ფეხბურთელი თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს – CNN Turk