ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვმა თბილისთან მოლაპარაკებათა გამართვის პირობა დაასახელა

22 თებერვალი, 2019 • 1642
ბიბილოვმა თბილისთან მოლაპარაკებათა გამართვის პირობა დაასახელა
 სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსულ გამოცემა ინტერფაქსთან საუბარში თბილისთან, კერძოდ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებების გამართვის პირობები დაასახელა.”ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ საქართველოსთან პირდაპირი ან შუამავლებით მოლაპარაკებებისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ეს შუამავლი იყოს რუსეთი. ამავე დროს არსებობს მთავარი მოთხოვნა ჩვენი მხრიდან, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს. საუბარი ისევ და ისევ ძალის გამოუყენებლობის მემორანდუმის შესახებაა.

ოსი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქართული მხარე პასუხისმგებლობას იღებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ამ მემორანდუმის სახით და რომ ისინი არ გამოიყენებენ ძალას. სანამ ეს პირობა არ შესრულდება, შეხვედრის შემთხვევაშიც სალაპარაკოც არაფერია”, – განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგაც ისაუბრა მედიასთან და განაცხადა, რომ სულერთია, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მაინც არ გვაღიარებს არცერთი”.

ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას რუსული, აფხაზური და ოსური მხარეები ქართული მხარისგან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც ითხოვენ.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი