ნეტგაზეთი | “დაბერების წინააღმდეგ” ახალგაზრდების სისხლს იყენებენ, FDA ამის წინააღმდეგია “დაბერების წინააღმდეგ” ახალგაზრდების სისხლს იყენებენ, FDA ამის წინააღმდეგია – Netgazeti

“დაბერების წინააღმდეგ” ახალგაზრდების სისხლს იყენებენ, FDA ამის წინააღმდეგია

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) მოქალაქეებს აფრთხილებს, ნუ შეურევენ ახალგაზრდა ადამიანების პლაზმას თავიანთ სისხლში “დაბერების საწინააღმდეგოდ”, რადგან ამ პრაქტიკას არანაირი კლინიკური სარგებელი არ მოაქვს. მეტიც — ეს პრაქტიკა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს.

FDA-მ, აშშ-ის ფედერალურმა მარეგულირებელმა, რამდენემიე დღის წინ გამოსცა ეს გაფრთხილება, რადგან, მათ თანახმად, იზრდება ისეთი კლინიკების რიცხვი, რომლებიც ახალგაზრდების პლაზმას დაბერების, მეხსიერების დაკარგვის, პარკინსონის, ალცჰაიმერის და სხვა დაავადებების, ასევე პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (პტსა) “სამკურნალოდ” იყენებენ.

მედიკამენტების ადმინისტრაციის თანახმად, აჯობებს, თუ ამ პრაქტიკისგან ადამიანები თავს შეიკავებენ: “არ არსებობს იმის დამამტიცებელი საბუთი, რომ ახალგაზრდა დონორებისგან მიღებული პლაზმა სხვადასხვა მდგომარეობას კურნავს, რაიმე პროცესს აფერხებს ან რამის პრევენციას ახდენს; ნებისმიერი პლაზმის გამოყენება რისკებთანაა დაკავშირებული”, — განაცხადა 19 თებერვალს FDA-მ.

“ვწუხვართ, რომ არაკეთილსინდისიერ აქტორებს ზოგიერთი პაციენტი შეცდომაში შეჰყავთ და პლაზმას უებარ საშუალებად ასაღებენ”, – წერია განცხადებაში. გამოცემა “ვერჯის” (The Verge) თანახმად, “დაბერების საწინააღმდეგოდ ახალგაზრდული სისხლის შერევის პრაქტიკა” 2000-იანი წლებიდან არსებობს, რისი საფუძველიც პერსპექტიული შედეგების მქონე ექსპერიმენტები იყო. თუმცა ეს ექსპერიმენტები მხოლოდ თაგვებზეა ჩატარებული და არა ადამიანებზე, ხოლო FDA მხოლოდ ისეთ სამკურნალო საშუალებებს უწევს რეკომენდაციას, რომლებმაც კლინიკური კვლევები წარმატებით გაიარა ადამიანებზე.

ბლუმბერგის” (Bloomberg), “ვოქსის” (Vox) და სხვა გამოცემების თანახმად, ამ იდეას მეტმა ადამიანმა ყურადღება მას შემდეგ მიაქცია, რაც ხმები გავრცელდა, რომ ექსცენტრიკული მილიარდერი, სახელად პიტერ თიელი, ფიქრობდა, რომ “სამუდამო ცხოვრების გასაღებს” მიაგნო. გავრცელებული ინფორმაციით, თიელმა მილიონობით დოლარი დახარჯა ამ პრაქტიკის დასანერგად.

პლაზმა სისხლის თხევადი ნაწილია, რომელიც პროტეინებს შეიცავს, რაც სისხლს შედედებაში ეხმარება. პლაზმური ინფუზია, ანუ პლაზმის გადასხმა FDA-ს მიერ ნებადართული პრაქტიკაა ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის სისხლი არ დედდება. თუმცა მედიკამენტების ადმინისტრაცია იმასაც ამბობს, რომ არსებობს სხვადასხვა — ალერგიული რეაქციების, სისხლის მიმოქცევის გადატვირთვის, ფილტვების დაზიანებისა თუ ინფექციური დაავადებების გადადების — რისკი.

ერთ-ერთი კლინიკა, რომელიც ამ პრაქტიკას ეწეოდა, “ამბროსია” (Ambrosia) იყო, რომელსაც აშშ-ის 5 შტატში აქვს ფილიალი. “[ეს პრაქტიკა] მუშაობს; ის უკან აბრუნებს დაბერების პროცესს”, თქვა 2017 წელს კლინიკის დამფუძნებელმა. “ამბროსიაში” 16-დან 25 წლამდე ადამიანების ერთი ლიტრი პლაზმის ფასი 8 000 აშშ დოლარი იყო. თუმცა FDA-ის მიერ 2019 წლის თებერვალში გაკეთებული განცხადების შემდეგ კლინიკამ ვებსაიტზე დაწერა, რომ “პაციენტების მკურნალობას” წყვეტენ.

“იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი კლინიკა სთავაზობს მომხმარებლებს ასეთ თერაპიას … მოვუწოდებთ მათ, ნუ ჩაერთვებიან ასეთ თერაპიაში, გარდა მკაცრი რეგულირებისა და ინსტიტუციური ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარე კლინიკური კვლევებისა”, – განაცხადა FDA-მ.

გარეკანის ფოტოზე: Verge-ის ილუსტრაცია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com