პარლამენტმა GPB-ს ბორდის წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა

დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.

აღნიშნულ საკითხს მხარი 82-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო 1 წინააღდეგ წავიდა. კომისია შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა:

  • სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, პიარსააგენტო “ჯეპრას” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი;
  • გოდერძი შარაშია – ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი;
  • ბონდო მძინარაშვილი – ტელეკომპანია “ობიექტივის” მთავარი რედაქტორი;
  • ეთერ (ბაია) გადაბაძე – მედიამენეჯერი;
  • ნინო ახვლედიანი – ჟურნალისტი, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის პიარ ხელმძღვანელი;
  • სალომე უგულავა – ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა “ტაბულას” მთავარი რედაქტორი;
  • ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი;
  • დავით ცხადაძე – კინოპერატორი, ხელოვნებათმცოდნე;
  • ნათია კუპრაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე.

წევრობის სამი კანდიდატი დასახელებულია სამი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის მიერ, ერთი სუბიექტი -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ, ერთი კანდიდატი წარმოდგენილია სახალხო დამცველის მიერ, ხოლო დანარჩენები ოთხი – საპარლამენტო უმრავლესობის მიერ.

24 დეკემბერს ზაზა შათირიშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით მიმართა, რის შემდეგაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ერთ თანამდებობა გახდა ვაკანტური. შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ღია კონკურსი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.