“ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში დარჩება თუ არა, ეს მისი და 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
“ხელმძღვანელების მხრიდან ამის სურვილი (მე რომ პარტია დავტოვო) ან მითითება არ არის. კენჭისყრის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ჩემი გადაწყვეტილება”, – ამბობს ბესელია.
კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ბესელიამ 8 დეპუტატთან ერთად მოამზადა, მოსამართლეების უვადოდ განწესება 2025-მდე უნდა შეჩერდეს.
დღეს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს:
” პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე.
თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით.
იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი – გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას”, – წერია განცხადებაში.