ახალი ამბები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ვაგდია ელკორაიეს ბრალდებებს უარყოფს

20 თებერვალი, 2019 •
ქირურგიის ეროვნული ცენტრი ვაგდია ელკორაიეს ბრალდებებს უარყოფს

ქირურგიის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პაციენტს მიეწოდება უხარისხო სამედიცინო მომსახურება და სცემეს ეგვიპტის მოქალაქე ვაგდია ელკორაიეს, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სიცრუეს.

“პაციენტის მოთავსების დღიდან, ყველა პროტოკოლის დაცვით, სამედიცინო დაწესებულება აკეთებს ყველაფერს პაციენტის სიცოცხლის შესანარჩუნებლად”, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის განცხადებით, თავად ვაგდია ელკორაიე “გამოირჩევა აგრესიულობით, არ ემორჩილება სამედიცინო დაწესებულებაში ქცევის წესებს, მათ შორის უნებართვოდ იჭრება რეანიმაციულ განყოფილებაში და საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც საკუთარი მამის, ასევე, ხსენებულ განყოფილებაში მოთავსებული ორი ათეული უმძიმესი პაციენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, შეურაცხყოფას აყენებს სამედიცინო პერსონალს, ძალადობით გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა მიმართ”.

ცენტრში იმ დავალიანებაზეც აკეთებენ აქცენტს, რომელიც, მათი ინფორმაციით, ეგვიპტის მოქალაქეს საავადმყოფოს მიმართ ერიცხება.

“დღეის მდგომარეობით პაციენტს სამედიცინო დაწესებულების წინაშე ერიცხება სოლიდური დავალიანება, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს მასზედ, რომ ვაგდია ელკორაიეს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას ხსენებული დავალიანების გადახდის ვალდებულებისაგან თავის ასარიდებლად, რომლის ბოლო გამოვლინებაც გახლდათ გუშინდელი ფაქტი, როდესაც ვაგდია ელკორაიე და მისი ოჯახის წევრი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შესვლის შემდეგ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწყობდნენ დებოშს, შეურაცხყოფდნენ სამედიცინო პერსონალს, რისთვისაც დროულად იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც. საკითხის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს. ასევე, საკითხს სწავლობს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, რომელსაც წერილობით უკვე წარვუდგინეთ საკუთარი მოსაზრებები. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და საკითხის შესწავლის შედეგებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სამედიცინო დაწესებულება აცხადებს, რომ აპირებს, მიმართოს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს საკუთარი ინტერესების დასაცავად, მათ შორის, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეგვიპტის მოქალაქეს, ვაგდია ელკორაეის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაცვის წევრებმა სცემეს, გუშინ ელკორაეის უფლებების დამცველმა თამარ მჭედლიშვილმა გაავრცელა. მჭედლიშვილის თქმით, ვაგდია ელკორაეის მამა ალი ელი ელკორაეი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობდა, თუმცა პაციენტის ოჯახი ჩიოდა, რომ მას ყურადღებას არ აქცევდნენ.

ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

გეის, რომელსაც სამშობლოში დევნიან, საქართველომ ლტოლვილის სტატუსი არ მისცა

მასალების გადაბეჭდვის წესი