ახალი ამბები

გეის, რომელსაც სამშობლოში დევნიან, საქართველომ ლტოლვილის სტატუსი არ მისცა

17 აგვისტო, 2017 • 7758
გეის, რომელსაც სამშობლოში დევნიან, საქართველომ ლტოლვილის სტატუსი არ მისცა

ეგვიპტის მოქალაქეს, რომელსაც სამშობლოში რელიგიური და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დევნიან, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მიცემაზე უარი უთხრა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ვაგდია ელკორაეის  მისწერა, რომ იგი აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

ამის მიუხედავად, სამინისტრომ ივარაუდა, რომ მისი საქართველოში ყოფნა შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს საქართველოს ინტერესებს.

სამინისტროს პასუხი დაცვის მხარემ გაასაჯაროა, სამინისტრო კი აცხადებს, რომ ისინი ვერაფერს განმარტავენ ამაზე მეტს, რადგან მათ არ აქვთ უფლება, ისაუბრონ კონკრეტული პირის საქმეზე.

ვაგდია ელკორაეის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობა იცავს. ორგანიზაციის ცნობით, ელკორაეიმ სამინისტროს 2017 წლის იანვარში მიმართა.

თანასწორობის მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვაგდია ისლამიდან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ეგვიპტეში ყოფნის დროს გადავიდა. იგი არის გეი, რის გამოც სამშობლოში დაბრუნებისას 3-წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა ემუქრება.

ეგვიპტეში მას ბრალი წაუყენეს “თავაშვებულობის, სახელმწიფო წეს-ჩვეულებათა და ტრადიციათა დარღვევის” მუხლით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა.

“გაუგებარია, თუ რას ეფუძნება სამინისტროს ვარაუდი, ვინაიდან გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, თუ რა გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ვაგდია ელკორაეის საქართველოში ყოფნა ქვეყნის ინტერესებს”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ლტოლვილთა სამინისტროს უარი ვაგდია ელკორაეიმ სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი