თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკინგი საპილოტე რეჟიმში ივლისიდან ამოქმედდება. პარკინგის ეს ტიპი, რომელიც ზონისა და დროის მიხედვით განსხვავებულ საფასურს ითვალისწინებს, თავდაპირველად კოტე აფხაზის ქუჩაზე გავრცელდება, შემდეგ, კი სხვა ქუჩებსაც მოიცავს.
“პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, პირველი ივლისიდან ამოქმედდება რამდენიმე ქუჩაზე. ახალი წესის თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და მისი ოდენობა ზონების მიხედვით დიფერენცირებული იქნება. ამაზე საკრებულოსთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ.
პირველი არეალი, რომელზეც ეს წესი გავრცლდება, კოტე აფხაზის, ყოფილი ლესელიძის ქუჩაა და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი გააგრძელებს სხვადასხვა არეალზე მუშაობას. მაგალითად, ამჟამად საბურთალოზე მიმდინარეობს მუშაობა, რომ საპილოტე რეჟიმში აქაც დაინერგოს ეს პროექტი,” – ამბობს კახა კალაძე.
მისივე თქმით, პარკინგის ეს წესი არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ საშუალებას, ასევე ელექტროძრავიან მანქანებსა და შშმ პირების კუთვნილ ავტომობილებს.
“ამასთანავე, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4 უფასო 15-წუთიანი პარკირებით. ნებისმიერ მოქალაქე დღეში 4-ჯერ უფასოდ დაპარკინგდება. იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს რაღაც 5-წუთიანი საქმე აქვს და მას მანქანიდან გადმოსვლა სჭირდება,” – დასძენს კალაძე.
მისივე თქმით, საფასურის გადახდა მობილური აპლიკაციითა და ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატებით მოხდება. შემოსული თანხებს კი თბილისის სატრანსპორტო კომპანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას მოახმარს.
ამავე თემაზე:
თბილისში პარკინგი გაძვირდება – მერია საათობრივ-ზონალური პარკირების შემოღებას გეგმავს