ახალი ამბები

უვადოდ დანიშვნების გადავადება მოსამართლეთა რაოდენობას არ შეამცირებს – ბესელია

20 თებერვალი, 2019 •
უვადოდ დანიშვნების გადავადება მოსამართლეთა რაოდენობას არ შეამცირებს – ბესელია

“ქართული ოცნების” დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომაზე მოსამართლეთა განწესების შესახებ მისი და 8 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა ორჯერ დააყენა და, შესაბამისად, უმრავლესობაში ამის შესახებ იცოდნენ. მისი თქმით, სხდომაზე ამ ინიციატივას ყველა დაეთანხმა:

“არასწორია ის ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ და არ იყო ცნობილი უმრავლესობისთვის ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე, მათ შორის ბოლო სხდომაზე, საკითხი, უვადოდ მოსამართლეთა განწესების შეჩერებას დაუჭერდით თუ არა მხარს, იდეას დაეთანხმა ყველა”, – ამბობს დეპუტატი.

მისი თქმით, არც ისაა სწორი, რომ კანონპროექტი მოსამართლეთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს:

“რაც შეეხება მეორე არგუმენტს, რომ ეს შეამცირებს მოსამართლეთა რაოდენობას, ეს არ არის სწორი იმიტომ, რომ არ შედგა ასეთი კონსულტაცია, სამწუხაროდ, უმრავლესობის შიგნით და ფრაქციის შიგნით, ეს იწვევს ასეთ მსჯელობას”, -ამბობს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც I და II ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადადებას ითვალისწინებს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

” პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით.

იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი – გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას”, – წერია გ განცხადებაში.

განცხადება სრულად:

უმრავლესობა ბესელიას და სხვების კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს – “ოცნების” პოლიტსაბჭო

მასალების გადაბეჭდვის წესი