ახალი ამბები

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეგვიპტის მოქალაქეს სცემეს – ადვოკატი

19 თებერვალი, 2019 •
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ეგვიპტის მოქალაქეს სცემეს – ადვოკატი

” ეგვიპტის მოქალაქეს, ვაგდია ელკორაეის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში სცემეს” – ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ელკორაეის უფლებების დამცველმა თამარ მჭედლიშვილვილმა მიაწოდა, რომელიც თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად ამჟამად პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფება.

მჭედლიშვილის თქმით, ვაგდია ელკორაეის მამა ალი ელი ელკორაეი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მკურნალობდა, თუმცა პაციენტის ოჯახი ჩიოდა, რომ მას ყურადღებას არ აქცევდნენ.

“დღეს ვაგდია ელკორაეიმ მამამისის სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოაჩინა. აიღო ეს მტკიცებულებები (ბინტი და სხვა მასალები) და გამოჰქონდა პალატიდან, რომ საავადმყოფოსთვის ეჩივლა. გამოედევნენ დაცვის თანამშრომლები და საავადმყოფოს ტერიტორიაზევე, ლიფტში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”, – განაცხადა თამარ მჭედლიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაიწყო სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან კონფლიქტში მონაწილე პირები, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე  საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ქირურგიის ეროვნულ ცენტრსაც, სადაც გვითხრეს, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან, კომენტარი გააკეთონ, თავად დაგვიკავშირდებიან.

ამავე თემაზე

გეის, რომელსაც სამშობლოში დევნიან, საქართველომ ლტოლვილის სტატუსი არ მისცა

მასალების გადაბეჭდვის წესი