20 თებერვლიდან, ყოველდღე 11:00-დან 14:00 საათამდე, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტრონერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჯვრის წყალსაცავზე წყლის დონემ 434 მეტრი შეადგინა, რაც სპეციალისტების მტკიცებით, საგანგაშო მაჩვენებელია. ენგურჰესის სრული გაჩერება 420 მეტრის მაჩვენებლის შემდეგ ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიას შეზღუდვით მიაწვდიან.
აფხაზური მხარის ცნობით, შეზღუდვა მანამდე გაგრძელდება, სანამ დეფიციტს რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული ელექტროენერგია არ შეავსებს.
წელიწადის ამ დროისთვის, როგორც წესი, ენგურჰესზე წყლის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე ეცემა. სპეციალისტების თქმით, პრობლემას მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობით მოხმარება და ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფი იწვევს. იმ შემთხვევაში კი, თუ ტარიფი არ გაიზრდება, ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირდება.
ზამთარში ენგურჰესის მთელი გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთს მიეწოდება. წლიური წილი კი აფხაზური მხარისთვის დაახლოებით 48%-ს შეადგენს, ქართული მხარე კი – 52%-ს მოიხმარს.
ენგურჰესის გენერატორები აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, თაღოვანი კაშხალი კი- თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე.