ახალი ამბები

მეთოფიშვილმა უნამუსოები და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ერთ კონტექსტში მოიხსენია

19 თებერვალი, 2019 • 1622
მეთოფიშვილმა უნამუსოები და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ერთ კონტექსტში მოიხსენია

იუსტიციის საბჭოს წევრმა მოსამართლემ, სერგო მეთოფიშვილმა სალანძღავ კონტექსტში გამოიყენა სიტყვათშეთანხმება “ფსიქიკური ჯანმრთელობა და გონებრივი პათალოგიები”.

18 თებერვალს, ფეისბუკზე სასამართლო სისტემის შესახებ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას, მეთოფიშვილმა ასეთი რამ დაწერა:

“კვლევა [რომელიც სასამართლო სისტემას ეხება] ჩაატარა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და მსოფლიოში აღიარებულმა ორგანიზაციამ… აღნიშნულ ფაქტორს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმ თვალსაზრისით, რომ ამ კვლევის სანდოობას ვერავინ ეჭვქვეშ ვერ დააყენებს! მე არ ვგულისხმობ უნამუსო და უღირს მატყუარებს, ადამიანებს ფსიქიკური დარღვევებით ან გონებრივი პათალოგიებით“.

ნეტგაზეთს მეთოფიშვილთან კომენტარის ჩაწერა სურდა განმარტებებისთვის, თუმცა ჩვენს ზარს და შეტყობინებებს არ უპასუხა. იუსტიციის საბჭოს პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ იგი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის განმარტებით, არსებობს მრავალი სახის ფსიქიკური აშლილობა, რომლებიც სხვადასხვანაირად იჩენს თავს; ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანახმად კი, საზოგადოებაში არსებული სტიგმა ამგვარი პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირად ხელს უშლის, მიიღონ ქვეყანაში არსებული სერვისები.

მასალების გადაბეჭდვის წესი