საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს მიმდინარე კვირაში გადმოასვენებენ.
როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, ხვალ უნდა გამოსცეს ლიბიის ქალაქ მისრატის პროკურატურამ შესაბამისი აქტი.
“ინფორმაციის მიღებისთანავე სამინსიტრო ძალიან ინტენსიურად მუშაობდა ამ საკითხზე. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა როგორც ლიბიურ მხარესთან საქართველოს საელჩოს მეშუეობით ეგვიპტეში, ასევე, ოჯახის წევრებთან და გემთფლობელ კომპანიასთან, რომლის წარმომადგენელი ადვოკატიც დღესაც ლიბიაში იმყოფება ადგილზე და აწარმოებს სამუშაოებს, რომ დროულად დასრულდეს პროცესი.
თვითონ ლიბიის ქალაქ მისრატის პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა ცხედრის გადმოცემაზე. უბრალოდ, ეს თანხმობა უნდა დაადასტუროს შესაბამისი აქტით, რომელიც ხვალ გამოიცემა, რის შემდეგაც უკვე დაიწყება გადმოსვენების პროცედურები, რაზეც ჩვენ უკვე მომზადებული ვართ; ეს არის საორგანიზაციო ხასიათის, სამედიცინო ხასიათის, ტრანსპორტირება და ა.შ. ნებართვა გაცემულია და ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე კვირაში ცხედრის გადმოსვენების პროცესი სრულად დასრულდება,” – ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა პროცესი და რატომ დასჭირდა 42 დღე ცხედრის გადმოსვენებას, ვლადიმერ კონსტანტინიდი რამდენიმე გარემოებას ასახელებს:
“პირველ რიგში, როდესაც ადამიანის გარდაცვალებას ეხება საკითხი, რა თქმა უნდა, გამოძიება მოითხოვს გარკვეული ვადებისა და თანმიმდევრობის დაცვას, რის გამოც ლიბიის სამართალდამცველმა უწყებებმა საჭიროდ ჩათვალეს ცხედრის ადგილზე დატოვება და ხანგრძლივი ექსპერტიზის ჩატარება.
ფაქტი მოხდა ლიბიის ტერიტორიაზე. შესაბამისად, გამოძიებაც და ექსპერტიზაც არის ლიბიელი სამართალდამცველების პრეროგატივა, მათი ქვემდებარეა. ისინი მუშაობას წარმართავდნენ საკუთარი ქვეყნის კანომდებლობისა და ადგილზე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბიაში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ფონი, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ნებისმიერ პროცესზე და მათ შორის გამოძიებაზეც. ამის გამო სახელმწიფო უწყებები ლიბიაში შეფერხებით მუშაობენ.”
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ქართული მხარისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა და დოკუმენტები, რადგან სწორედ ამის საფუძველზე უნდა გასცეს ხვალ მისრატის პროკურატურამ შესაბამისი აქტი.
ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ქართული მხარე ყურადღებით გაეცნობა ამ დასკვნას და გააგრძელებს მუშაობას, რადგან ცხედრის გადმოსვენების შემდეგაც იქნება გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი იმისთვის, რომ დადგინდეს, რეალურად რა იყო საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი.
http://batumelebi.netgazeti.ge/news/183391/