პოლიტიკური რეკლამები ტელევიზიებით, შესაძლოა, არასაარჩევნო პერიოდშიც გავიდეს

პატრიოტთა ალიანსი ითხოვს, რომ პოლიტიკურ პარტიებს მაუწყებლებში პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონდეთ. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.

კანონპროექტის მომხსენებელ ირმა ინაშვილის თქმით, დღევანდელი კანონმდებლობით პარტიებს ფასიანი პოლიტიკური რეკლამების ტელევიზიებში განთავსება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლიათ, რაც მათ ხელს უშლის, აუდიტორიამდე საკუთარი ხედვები და პროექტები უფრო ადვილად მიიტანონ. ინაშვილის თქმით, ტელევიზიებში დებატები ძირითადად აწყობილია მიმდინარე, აქტუალურ თემებზე და პარტიებს საშუალება არ აქვთ, სხვა საკითხებზე აუდიტორიას თავისი აქტივობები და ხედვები გააცნონ. მისივე თქმით, ეს ინიციატივა მაუწყებლებს დამატებით შემოსავალს გაუჩენს.

კანონპროექტის მიხედვით, არაწინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა იქნება უფლება და არა ვალდებულება, როგორც მაუწყებლებისთვის, ასევე პარტიებისთვის. ანუ ტელევიზიებს ექნებათ საშუალება, კონკრეტული რეკლამის გაშვებაზე უარი თქვან. ამასთან, არც პარტია იქნება ვალდებული, რომ რეკლამა ყველა ტელევიზიაში მიიტანოს.

აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტით არაწინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება ყველა პარტიას არ ექნება. ინაშვილის თქმით, შესაბამისი უფლებით მხოლოდ ის პოლიტიკური სუბიექტები ისარგებლებენ, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად ან ბლოკის სახით ბარიერს გადალახავენ და საკნაონმდებლო ორგანოში იქნებიან წარმოდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი უფლებით ყველა კვალიფიციური სუბიექტიც კი ვერ ისარგებლებს. პარტიების ასეთი ლიმიტირების არგუმენტი, ინაშვილის თანახმად, ტელევიზიების პოლიტიკური რეკლამებით გადატვირთულობისაგან დაცვაა.

არაწინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა 6 საათში ერთხელ უნდა გავიდეს, მაქსიმალური ქრონომეტრაჟი კი ამ პერიოდში 180 წამია.

განახლება, 19:00 საათი: პარლამენტში პირველი მოსმენისას კანონპროექტმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოახერხა, შესაბამისად ინიციატივა ჩავარდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com