ახალი ამბები

პრესსამსახურმა არ იცის, ადგენს თუ არა ღარიბაშვილი პატრიარქის საჩუქრის ღირებულებას

8 აგვისტო, 2014 • • 2729
პრესსამსახურმა არ იცის, ადგენს თუ არა ღარიბაშვილი პატრიარქის საჩუქრის ღირებულებას

5 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორე  ცხენი აჩუქა.  საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონით, საჯარო მოსამსახურისათვის  ერთჯერადად მიღებული საჩუქარი არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 5%-ს. ირაკლი ღარიბაშვილი ხელფასის სახით ყოველთვიურად 4250 ლარს იღებს, რაც წელიწადში 51 000 ლარია, კანონის მიხედვით მას არ შეუძლია მიიღოს ერთჯერადად საჩუქარი, რომელიც წლიური შემოსავლის 5 %-ს აღემატება, რაც ღარიბაშვილის შემთხვევაში  2550 ლარია.

 

იურისტ გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, საჯარო სამსახურის ინტერესთა შეუთავსებლობის  და კორუფციის შესახებ კანონი  პირდაპირ არ აწესებს რეგულაციას, თუ  ვინ უნდა შეაფასოს საჩუქრის ღირებულება და იმ შემთხვევაში, თუ დასაჩუქრებულ პირს საჩუქრიდან გამომდინარე გაუჩნდება ეჭვი, რომ საჩუქარის ღირებულება მაღალია, თავადვე უნდა იზრუნოს მის შეფასებეაზე, თუმცა იურისტი განმარტავს, რომ კანონი ამას ვალდებულებად არ აწესებს:

 

“კანონის ფორმალური განმარტებებით არ შემოვისაზღვრებით,  თუკი ადამიანის მიერ მიღებული საჩუქრის მიმართ საზოგადოებაში ჩნდება გონივრული  ეჭვი, რომ მისი ღირებულება  კანონით დასაშვებ ოდენობაზე მეტია და ალბათ ლოგიკურია, რომ  ეს ეჭვი არსებობდეს. უმჯობესია ამ ადამიანმა გამორიცხოს საზოგადოების ეჭვი და დაგვარწმუნოს ექსპერტიზის დასკვნით. ხოლო თუკი მას თავად არ უჩნდება საჩუქრის ღირებულებასთან დაკავშირებით ეჭვი, ეს ერთადერთ რამეზე მიანიშნებს, რომ ან თავადაა მიუხვედრელი, ან არ უნდა მიხვდეს, რომ ეს ღირებულება შეიძლება  კანონით დადგენილ ნორმაზე  მეტი იყოს”. – ამბობს მშვენიერაძე.

 

პრემიერ–მინისტრისთვის საჩუქრად გადაცემული ცხენი 2007 წელს თავად პატრიარქმაც საჩუქრად მიიღო. ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ ილია მეორეს აღსაყდრების 30 წლისთავი ცხენით მიულოცეს. როგორც “ამერიკის  ხმა” წერს, ცხენს  სახელად “ამინი” ერქვა, თუმცა მოგვიანებით მას  “თეთრა” დაარქვეს.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “თი ბი სი” ბანკს, რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, რათა ცხენის ჯიში და ღირებულება დაედგინა. ბანკის პრესსამსახურის წარმომადგენლის თამუნა კირვალიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე თბილისში არ იმყოფება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მას “ვერ შეაწუხებს”. “თი ბი სი” ბანკში  არც იმას აკონკრეტებენ, როდის შეძლებენ ხაზარაძესთან ამ საკითხის გარკვევას.

 

ირაკლი ღარიბაშვილს პატრიარქმა ცხენი აჩუქა. პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ფოტო
ირაკლი ღარიბაშვილს პატრიარქმა ცხენი აჩუქა. პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ფოტო

 

“თეთრას” ღირებულებაზე არ საუბრობენ არც საპატრიარქოში. საპატრიარქოს პრესსამსახური წარმომადგენელი მაია გაგუა ამბობს, რომ შვებულებაში იმყოფება და ინფორმაციას არ ფლობს ცხენის ღირებულებასთან დაკავშირებით. საპატრიარქოს კიდევ ერთი წარმომადგენელი რეზო შარაბიძე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა “თეთრას” ჯიშისა და ღირებულების დადგენას, თუმცა, ამაოდ.

 

“ლისის იპოდრომის” დირექტორის მოადგილე ზაზა ჩიტრეკაშვილი, სადაც “თეთრა” მას შემდეგ მიიყვანეს, რაც  ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაში გადავიდა, ამბობს, რომ ცხენს დოკუმენტაცია ე.წ. პასპორტი არ მოჰყოლია და ნაციონალურ პასპორტს თავად იპოდრომზე დაუმზადებენ. თუმცა ცხენის ექსტერიერზე, იგივე გარეგნობაზე დაკვირვებით ჩიტრეკაშვილი, რომელიც საერთაშორის მსაჯი და მწვრთნელია, ამბობს,  რომ თეთრა არაბული ცხენია, თუმცა მისი ღირებულების მაქსიმუმი 1 000 ლარია.

 

“ღირებულების დადგენისას  მნიშვნელოვანია წამომავლობა და  რა მიღწევები აქვს ცხენს. ამ ცხენზე ვიცი, რომ მიღწევები არ აქვს და არც წარმომავლობა აქვს განსაკუთრებული. მისი ღირებულების მაქსიმუმი 1 000 ლარია. რუსეთში უკეთესს ცხენს 500 დოლარად ვიყიდი”,– ამბობს ჩიტრეკაშვილი.

 

მეცხენე და ილიას უნივერსიტეტის თავლის დირექტორი გია ღოღობერიძე განმარტავს, რომ ცხენი შეფასებისას მთავარი კრიტერიუმებია წარმომავლობა, მაგალითად, არაბული ცხენების შემთხვევაში არსებობდა ცხენი “ასუანი” და მის შთამომავლები დანარჩენ არაბულ ცხენებზე უკეთესად ითვლებიან. ასევე, ექსტერიერი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ცხენის სიგრძის, სიმაღლის, მკერდის შემოწერილობის ნორმები და კარიერა, თუ რა მიღწევები ჰქონდა ცხენს დოღებში მონაწილეობისას. ყველა კრიტერიუმის მონაცემები ქულებით ფასდება და მათი შეჯამებისას დგინდება ცხენის ღირებულება.

 

გია ღოღობერიძე ამბობს, რომ საქართველოში 4–5  წმინდა სისხლის არაბული ცხენია, მათ შორისაა მამუკა ხაზარაძის მიერ პატრიარქისთვის ნაჩუქარი ცხენიც, რომლის ასაკიც ახლა 9 წელია. მეცხენე ამბობს, რომ 9 წელი ცხენისთის გაფურჩქვნის პერიოდია,  ყველაზე ძლიერი ცხენი 7–დან 12 წლამდეა. მართალია, გია ღოღობერიძეს ხაზარაძის მიერ პატრიარქისთვის ნაჩუქარი ცხენის წარმომავლობის დოკუმენტაცია არ უნახავს, თუმცა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ არაბულ ცხენზე გარეგნული დაკვირვებითაც მარტივად შეიძლება მიხვდე, რომ ცხენი სწორედ ამ კონკრეტულ ჯიშს წარმოადგენს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ცხენი 2007 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის საკუთრება გახდა, ჩუქების დღიდან მას მამუკა ხაზარაძის კუთვნილ თავლაში უვლიდნენ, რომელიც შატო-მუხრანში მდებარეობს და სავარაუდოდ არც დოღებში მიუღია მონაწილეობა:

 

“არაბული ცხენების შემთხვევაში კარიერას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, როგორც ექსტერიერს და წარმომავლობას. ინგლისური ცხენი კი ძირითად დოღებში  მონაწილეობით ფასდება და ამ კრიტერიუმით პირველია, არაბულ ცხენებს კი ძირითადად ექსტერიერის მიხედვით აფასებენ. ამ ჯიშის დამახასიათებელია – მოძრაობის დროს კუდი აქვს აწეული და ცხვირი აქვს აპრეხილი”,– ამბობს გია ღოღობერიძე.

 

მისივე თქმით, საქართველოში ცხენს დიდი ფასი არ აქვს და წმინდა სისხლის არაბული ცხენი შესაძლოა მაქსიმუმ 5 000 დოლარად შეფასდეს, რუსეთში კი ცხენს საერთოდ ხორცის ფასად შეიძენთ, რადგან ცხენების რაოდენობა მაღალია და რეალიზაცია ნაკლები. საქართველოშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც არაბული ცხენი 1 000 ლარად გაუყიდიათ:

 

“პატრონმა ვერ მოუარა, ვერ შეინახა და სიმბოლოურ ფასად გაყიდა. მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევა, ამ კონკრეტულ ცხენს ობიექტური კრიტერიუმებით თუ შევაფასებთ, მინიმუმ 3000 – მაქსიმუმ 5000 დოლარად შეფასდება, თუმცა რეალური მყიდველი საქართველოში მე მაგ ფასად არ მეგულება”.

 

“Arabian Horse Association” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვებ-პლატფორმაა, სადაც არაბული ცხენის ყიდვის მსურველებს შეუძლიათ სასურველი ცხენი შეარჩიონ. ვებ-გვერდის მიხედვით არაბული ცხენის ფასი 2 500 დოლარიდან 25 000 დოლარამდე მერყეობს, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ღირს ცხენი 1000 დოლარი.

 

იურისტი გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რომ ზოგადად  ნივთის ღირებულების განსაზღვრა, რომელიც საეჭვოობას მინიმუმამდე დაიყვანს, შეუძლია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომელსაც აქვს მსგავსი ტიპის მომსახურება. ნივთის ღირებულების დადგენა სამართლიანად  და სწორად  მისი მეშვეობითაა შესაძლებელი.

 

იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირის მიერ მიღებული საჩუქარი კანონით განსაზღვრულ ნორმაზე მეტი აღმოჩნდება, კანონის მიხედვით პირი ვალდებულია  შესაბამისი დეკლარაცია წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში, ხოლო 3 დღის ვადაში საჩუქარი გადასცეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი