იურიდულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა ეკა ბესელიას და სხვა 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც 2025 წლამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის გადადებას ითვალისწინებს, მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ, 10-მა დეპუტატმა კენჭისყრისას არც კანონპროექტის მხარდაჭერა დააფიქსირა და არც წინააღმდეგობა. მხარდაჭერა კანონპროექტს დაახლოებით 7-მა დეპუტატმა გამოუცხადა.
9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას გულისხმობს, პარლამენტი მიმდინარე კვირაში, დაჩქარებული წესით განიხილავს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე დღეს, 18 თებერვალს მიიღეს.
იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატები მმართველი პარტიიდან მომხსენებელ ეკა ბესელიას კითხვებს ძირითადად კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით უსვამდნენ.
ეკა ბესელია და კიდევ 8 კანონმდებელი 7 თებერვალს გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე შეაჩეროს.
კანონპროექტს ხელს აწერენ შემდეგი დეპუტატები: გედი ფოფხაძე, საშა ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭნაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი.
ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2024 წლამდე შეუძლია უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის გადავადება.
ბესელიას განმარტებით, მანამდე უნდა განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები შევიდნენ.
კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან მოსამართლეები, რომლებიც ამბობენ, რომ მისი მიღების შემთხვევაში ისინი სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.