9 დეპუტატი გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოების პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე შეაჩეროს.
დეპუტატებმა აღნიშნულის შესახებ დღეს განაცხადეს. კანონპროექტს ხელს აწერენ შემდეგი დეპუტატები: გედი ფოფხაძე, საშა ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭნაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი.
ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს გარდამავალი დებულება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2024 წლამდე შეუძლია უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის გადავადება.
ბესელიას განმარტებით, მანამდე უნდა განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები შევიდნენ.
დეპუტატებმა, კობა ნარჩემაშვილმა და ლევან კობერიძემ არ გაიზიარეს ჟურნალისტების აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ბრიფინგით ეკა ბესელიას ირგვლივ გაერთიანებული “ამბოხებული დეპუტატების” რიცხვი გაიზარდა. კობერიძის და ნარჩემაშვილის თქმით, ამ კონკრეტულ კანონპროექტზე უმრავლესობის სხდომაზეც იყო საუბარი პოზიტიურ კონტექსტში.