ახალი ამბები

დღეს, 6 საათზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავენ

18 თებერვალი, 2019 •
დღეს, 6 საათზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავენ

დღეს, 18 თებერვალს, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავენ.

ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ბანკის მიერ 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2- თვიანი ვადა აქვს.

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ. კომერციული ბანკის ინფორმაციით, ისინი გამოიყენებენ  ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.


მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

თიბისი ბანკთან დაკავშირებით 22 იანვარს კომენტარი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმაც გააკეთა. მისი თქმით, საელჩო ყურადღებით აკვირდება მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი