ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში აგვისტოს ომის მეექვსე წლისთავს აღნიშნავენ

8 აგვისტო, 2014 • 1984
ცხინვალში აგვისტოს ომის მეექვსე წლისთავს აღნიშნავენ

ღონისძიებები გუშინ, 7 აგვისტოს, იმ მემორიალის გვირგვინებით შემკობით დაიწყო, სადაც 2008 წელს, როგორც სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო იუწყება, დისლოცირებული იყვნენ რუსეთის მშვიდობისმყოფელთა შერეული ძალები.

 

“რუსეთის მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაგებად, რომლებმაც უანგაროდ მოიხადეს ვალი სამხრეთ ოსეთში, მივიდნენ რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები, სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს თანამშრომლები, რესპუბლიკის მოქალაქეები და სტუმრები. სამგლოვიარო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტები- ლუდვიგ ჩიბიროვი და ედუარდ კოკოითი”, – წერს “რესი”.

 

სააგენტოს ინფორმაციით, სამხედროებმა გვირგვინით შეამკეს რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორის, დენის ვეტჩინოვის მემორიალი დანგრეული სამხედრო ბაზის კედლებთან, “სადაც 2008 წლის აგვისტოში რუსი მშვიდობისმყოფელები ქართველ აგრესორებს შეხვდნენ”.

 

აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპული ადამიანების პატივსაცემად გამართული ღონისძიებები “დამწვარი სულების მუზეუმთან” და “გერგიევის კიბესთან” გაგრძელდა და აქციით “სანთელი ფანჯარაში” დასრულდა.

 

“რამდენიმე წუთის განმავლობაში ცხინვალი სიბნელეში ჩაეფლო და მოქალაქეებმა სანთლები დაანთეს სამშობლოს დამცველი დაღუპული ახლობლების მოსაგონრად”, – წერს სააგენტო “რესი”.

 

2008 წლის აგვისტოს ომი   ფოტო: osinform.ru
2008 წლის აგვისტოს ომი ფოტო: osinform.ru

 

დღეს, 8 აგვისტოს, გაერთიანების მოედანზე, საზეიმო ვითარებაში ჩატარდა სამგლოვიარო მიტინგი, რომელშიც მონაწილეობა სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურებმა, 58-ე არმიის და რუსეთის სამხედრო ბაზის ჯარისკაცებმა მიიღეს.

 

“ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოსთან სამშვიდობო ოპერაციის მონაწილეები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამხედრო ბაზის მეთაურმა პოლკოვნიკმა მიხაილ პალიშუკმა 2008 წელს დაღუპული გმირი-მშიდობისმყოფელების სახელები წაიკითხა. მათ ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. მიტინგი მემორიალური ლიტურგიით დასრულდა”, – წერს სააგენტო.

 

“რესის” ინფორმაციით, ღონისძიებები დასრულდება ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ქალაქის მცხოვრებლებისთვის და სტუმრებისთვის დაგეგმილია 2008 წლის ტრაგიკულ დღეებთან დაკავშირებული დოკუმენტური ვიდეომასალის ჩვენება.

 

“რუსეთის სამშვიდობო ოპერაცია საქართველოსთან ისტორიაში “ხუთდღიანი ომის” სახელით შევიდა. ქართული აგრესიის მსხვერპლი გახდნენ რუსი სამხედროები და ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობა”, – წერს სააგენტო “რესი”.

 

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილთა მონაცემებს, რომლის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაიღუპა 67, დაიჭრა 283 ადამიანი და უზგოუკვლოდ დაიკარგა – 3; სამხრეთ ოსეთის მხრიდან დაიღუპა 162, დაიჭრა -255, დევნილად იქცა 33 000 ადამიანი.

 

საქართველოს მთავრობის ცნობით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, მათგან 170 სამხედრო, 14 პოლიციელი, 28 სამოქალაქო პირი, დაკარგულად ითვლება 24 ადამიანი (10 სამხედრო და 14 პოლიციელი), თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაიღუპა ერთი უცხოელი და ორი ქართველი ჟურნალისტი, და დაიჭრა ოთხი ჟურნალისტი, დაიჭრა საქართველო 1747 მოქალაქე; ამათგან 973 იყო სამხედრო მოსამსახურე, 547 სამოქალაქო პირი და 27 პოლიციელი.

 

სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი