მიუხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, 16 თებერვალს, საქართველომ ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია, რომელიც ეხებოდა ნატოს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებულ პერსპექტივებს, შავი ზღვის რეგიონის პრიორიტეტულ როლსა და საქართველოს ურყევ სურვილს, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართული მხარე უძღვებოდა.
- მრგვალი მაგიდის სტუმრებს შორის წარმოდგენილნი იყვნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრი რადმილა შეკერინსკა და საექსპერტო წრეების ცნობილი წარმომადგენლები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამომსვლელებს შორის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც მიმართა, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯები და ქვეყანაში გატარებული რეფორმები.
სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილა:
“მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ ნატოსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე, მიულოცა თავის კოლეგას და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითი იმედის მომცემია საქართველოსთვისაც ნატოს ღია პოლიტიკის თვალსაზრისით.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ქვეყნის მოსახლეობის მაღალ მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა რომ მოსახლეობის 78%-ზე მეტი მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას.”
როგორც სამინისტრო გვაცნობებს, ზალკალიანმა ბრიუსელში ნატოს უკანასკნელ სამიტზე საქართველოს მონაწილეობის ფაქტი აღნიშნა, რამეთუ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს უკრაინასთან ერთად ამ დონის სამიტზე იყო წარმოდგენილი და განიხილებოდა შავი ზღვის უსაფრთხოების ჭრილში. მინისტრის თქმით, აშკარაა, რომ შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
მინისტმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის სამიტზე მიღებული დეკლარაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მზაობას, ამყარებს ბუქარესტის სამიტის გზავნილებს, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.
გამოსვლისას დავით ზალკალიანმა ასევე მიმოიხილა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში გაძლიერებული თანამშრომლობა.
- მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე, მონაწილეობდა პანელში, სადაც აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს.
მისი განცხადებით, დღეისათვის შავი ზღვის უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოება განსაკუთრებული განხილვის საგანია. პრემიერის თქმით, ქართული მხარის მთავარი გზავნილია, რომ შავი ზღვის რეგიონის და საქართველოს უსაფრთხოების გარეშე ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი.
როგორც პრემიერი აცხადებს, აღნიშნულ პანელში ისაუბრეს რუსეთის აგრესიაზე და ოკუპაციის სიმწვავეზეც. მისი თქმით, ყურადღება გამახვილდა ევროპისა და აშშ-ის როლზე აგრესიის შეჩერების პროცესში.
მეგობრების მხარდაჭერით და ქართული მხარის მტკიცე პოზიციით, მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო გახდება ევროპისა და ნატოს წევრი ქვეყანა.