სამტრედიის საბავშვო ბაღებს საკვებად ცხენის ხორცი მიეწოდებოდა

სამტრედიაში მდებარე ბაგა-ბაღების კვების რაციონში 2018 წელს ცხენის ხორცი გამოიყენეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დოკუმენტთან ერთად დღეს “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ გაავრცელა.

ტენდერი ხორცის მიწოდებაზე ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 2017 წლის დეკემბეში გამოაცხადა, რომელშიც შპს “ელენიკომ” გაიმარჯვა. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, კომპანიას ბაღებში 68 484 ლარის ღირებულების ქათმისა და საქონლის ხორცი 8 თვის განმავლობაში უნდა შეეტანა.

ლაბორატორიულმა კვლევამ “ელენიკოს” მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ პროდუქციაში ცხენის დნმ 2018 წლის 26 ოქტომბერს აღმოაჩინა. 6 დეკემბერს ეს კომპანია შავ სიაში დაარეგისტრირეს და 20 545,2 ლარით დააჯარიმეს.

შესყიდვების სააგენტოს განკარგულება - დააკლიკეთ

თეონა ჭალიძის განცხადებით, ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, უპასუხისმგებლო და უნამუსო ქმედებაა, რომელიც განხორციელდა ბიზნეს ოპერატორის მხრიდან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამაზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა აგოს.

“ბავშვების კვებაზე გაკეთებული ეკონომია სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს! აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება და საკვები პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმებისთვის, ნიმუშების აღების უფლების მიცემა ყველა დაინტერესებული პირისათვის.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გეგმიური თუ არაგეგმიური შემოწმებები არაა საკმარისი და როგორც ხედავთ სრულ სურათს არ გვაძლევს. დადასტურებული შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ ბევრად მეტი მძიმე ხასიათის დარღვევაა საბავშვო ბაღებში, რომელიც გამოეპარა სურსათის ეროვნულ სააგენტოს,” – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ნეტგაზეთი სამტრედიის მერს, ვალერი ფორცხვენიას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს გეგმიური შემოწმებისას საკვებ რაციონში ცხენის ხორცის აღმოჩენისთანავე გაუწყვიტეს ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას და დააჯარიმეს:

“ჩვენი მხრიდან რაც იყო გასაკეთებელი, გავაკეთეთ. როდესაც პროდუქტი შემოდის, მას თან ახლავს სერთიფიკატი და ფორმა N2, რის მიხედვითაც მოწმდება. შეიძლება შემოწმდეს ვიზუალურადაც. თუ მიმღები დაინახავს, რომ არ ემთხვევა რაღაცებს, მიმღებს შეუძლია სურსათის უვნებლობას მიმართოს და შეამოწმებინოს პროდუქტი. ამ შემთხვევაში ცხენის ხორცზე იყო საუბარი, რომელიც დაილუქა და შემოწმდა. შემდეგ სურსათის უვნებლობის სააგენტომ სამართლებრივად განაგრძო საქმიანობა იმ კომპანიასთან, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.”

ვალერი ფორცვანიას განცხადებით, არ არის სიმართლე, თითქოს სისტემატიურად ცხენის ხორცი შეჰქონდათ სამტრედიის საბავშვო ბაღებში. მისი თქმით, არიან უსინდისო მომწოდებლები, რომლებიც კადრულობენ მსგავს რაღაცებს და ერთ-ერთი შემთხვევაც სწორედ გასული წლის ოქტომბერშ დაფიქსირდა.

ამბის გაგრძელება:

ცხენის ხორცი სამტრედიის ბაღებში – დაკავებულია 1 პირი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.