ხაზარაძის მიმართ მოვლენები პოლიტიკური რევანშის მოტივებით არის ნასაზრდოები – უსუფაშვილი

“თიბისი” ბანკის ირგვლივ განვითარებული საკითხები სწორედ რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ამიტომ მივმართავ ყველას, აუცილებლად ბოლომდე გავარკვიოთ ყველა დეტალი, მაგრამ არ დავუშვათ ბანკის და ფინანსური სისტემის დამაზიანებელი პანიკური მოვლენები”, – ეს განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შენების მოძრაობის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

“მე ჩემს პოლიტიკურ და სამოქალაქო ვალდებულებად ვთვლი, ღიად და მკაფიოდ განვაცხადო – მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით არის ნასაზრდოები. რაც შეეხება ამ მოტივაციით 11 წლის წინანდელი გადაწყვეტილებების ხელახლა შესწავლა-გამოძიებას, ამ გადაწყვეტილებების კანონთან და საბანკო პრაქტიკასთან შესაბამისობის შეფასებას ველი სათანადო ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანებისგან, მაგალითად, ბატონი ნოდარ ჯავახიშვილისგან. გარდა ამისა, აუცილებლად ვთვლი ეროვნული ბანკის მიერ ამ საკითხის წინა შესწავლის მასალების და დასკვნების გამოქვეყნებას”, – აცხადებს უსუფაშვილი.

14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2-თვიანი ვადა აქვს.

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com