“გეკითხებით, რატომ ვარ მე ცუდი – თუ მურუსიძე ცუდი იყო და დღეს არის კარგი, მეც იქნებ გამოვსწორდი? – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას.
“როდესაც შენ არ მიგაჩნია დანაშაულად ის, რაც დღეს ხდება და საუბრობ 2006 წელზე, როდესაც მურუსიძეს ასაღებ უკეთილშობილეს ადამიანად, არ ხარ გულწრფელი. “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2012 წელს დაასრულა თავისი არსებობა ხელისუფლებაში და ნახევარზე მეტი იმ ადამიანებისა, დღეს “ქართულ ოცნებაში” არიან”, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, 12 დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა.
“მურუსიძე, ბედუკაძე, ჩინჩალაძე და ნახევარი წინა ხელისუფლება დღეს რომ არის “ქართულ ოცნებაში”, უბრალოდ, როგორც მინიმუმ არაგულწრფელია [კრიტიკა] წინა წლებზე და აღარ მივიღებ”, – განაცხადა მელიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო სისტემაზე საუბრისას არაერთხელ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემები 2012 წლამდე მართლაც არსებობდა და “მთელი სასამართლო სისტემა იყო ადეიშვილის მორჩილი”, თუმცა პრობლემად არ მიიჩნევს ამავე კადრების სასამართლო კორპუსში დარჩენას.
“ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე მასობრივად ცუდ რაღაცებს სჩადიოდნენ, ახლა სჩადიან კარგ რაღაცებს”, – თქვა ირაკლი კობახიძემ მოსამართლეთა სიაზე საუბრისას 2019 წლის 5 თებერვალს, გადაცემა “რეაქციაში”.