ახალი ამბები

სრული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ზოგადად ეს არ არის კარგი პრეცედენტი – დანელია თიბისის საქმეზე

15 თებერვალი, 2019 • 789
სრული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ზოგადად ეს არ არის კარგი პრეცედენტი – დანელია თიბისის საქმეზე

“პირადად მე არ მაქვს ამომწურავი ინფორმაცია ამ პროცესზე, მაინტერესებს და აუცილებლად გავეცნობი. ზოგადად ეს არ არის კარგი პრეცედენტი (სამეთვალყურეო საბჭოდან გამოწვევა). საქართველოში ფინანსური ინსტიტუტები ძალიან განვითარდა და ეს მოხდა ქართული რესურსების ხარჯზე”, – ასე ეხმაურება დეპუტატი ოთარ დანელია ეროვნული ბანკის მოთხოვნას თიბისის სამეთვალყურეო საბჭოდან მისი დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გაწვევის თაობაზე.

“მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ერთი მხრივ, არ დაზიანდეს ბანკისა და ფინანსური ინსტიტუტების ინტერესი, მეორე მხრივ, არ შეილახოს საქართველოს რეპუტაცია რეიტინგების ნაწილში. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონდეს, რადგან კანონია უზენაესი. რატომ დაიწყო ამ ტრანზაქციაზე ახლა გამოძიება, ამის შეფასება გამიჭირდება, რადგან მწირი ინფორმაცია მაქვს”, – ამბობს დეპუტატი.

ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის 2-თვიანი ვადა აქვს.

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი