ახალი ამბები

ვაგრძელებთ სამართლებრივ დავას – თიბისის პასუხი ეროვნულ ბანკს

14 თებერვალი, 2019 • 1833
ვაგრძელებთ სამართლებრივ დავას – თიბისის პასუხი ეროვნულ ბანკს

თიბისი ბანკში აცხადებენ, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რომლის საფუძველზეც ეროვნული ბანკი მოითხოვს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ სამეთვალყურეო საბჭო დატოვონ, სამართლებრივ დავას აგრძელებენ.

“დღეს თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.

რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წლებში შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. თიბისი ბანკი გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას. თიბისი ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც აქამდე, საქმიანობას აგრძელებენ თიბისი ჯგუფის ბრიტანული ჰოლდინგის TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის მფლობელი მშობელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებზე.

თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმსეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.

აღნიშნული გარემოება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის განვითარებაზე და სტრატეგიაზე. ბანკი გააგრძელებს დასახული გეგმების განხორციელებას,”-წერია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც სებ-ი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს. სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისთვის სებ-მა აქციონერთა კრებას ორთვიანი ვადა მისცა.

“ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა,”-აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

თიბისი ბანკთან დაკავშირებით 22 იანვარს კომენტარი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმაც გააკეთა. მისი თქმით, საელჩო ყურადღებით აკვირდება მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

“ბათუმელებმა” ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებული ქართველი ბანკირის, მამუკა ხაზარაძის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

“რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ბანკის მფლობელთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს რაიმე გავლენა ანაკლიაზე, არამედ იმიტომ, რომ ამერიკული მფლობელობაც არის ამ ბანკში.

ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ მიაღწიოს წარმატებას. ასევე ჩვენი სურვილია, რომ ამერიკელმა ინვესტორებმა საქართველოში წარმატებულად იმოღვაწეონ და სწორედ ეს არის განმაპირობებელი იმისა, თუ როგორი იქნება ჩვენი მოქმედება მომდევნო პერიოდში,” – განაცხადა როს უილსონმა.

თიბისის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესზე 11 თებერვალს საქართველოში საფრანგეთის ელჩმაც ისაუბრა. პასკალ მენიეს თქმით, უცნაურია, რომ თიბისი ბანკის ერთ-ერთ ტრანზაქციაზე გამოძიება ამდენი წლის შემდეგ დაიწყო. “ტვ პირველთან” საუბრისას ელჩი ამბობს, რომ ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, უცხოელი აქციონერები ჰყავს, შესაბამისად, თიბისის მენეჯმენტის კუთხით პრობლემა არ აქვს.

“კომერციული კუთხით თუ შევხედავთ, მაგალითად, თიბისის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ნამდვილად უცნაურია. ასეთი რამ ჩემთვის წარსულთან ასოცირდება. თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა, ამ ბანკს ასევე უცხოელი აქციონერები ჰყავს. მენეჯმენტის კუთხით ბანკს ყველაფერი წესრიგში აქვს. შესაძლოა რაიმე არასწორი მომხდარიყო ათ წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩემთვის გაუგებარია რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა მანამდე. თუ ეროვნული ბანკისგან სანქციებს პროპორციული სახე არ ექნება, ეს შექმნის შთაბეჭდილებას, რომ პროცესები პოლიტიკურად არის მოტივირებული. ამ ეტაპზე ამ მოვლენებს საინვესტიციო გარემოზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა, თუ თიბისის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ არაპროპორციულ სანქციებს ექნება ადგილი, ეს უარყოფითად აისახება ეკონომიკურ გარემოზე,”-განაცხადა პასკალ მენიემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი