ნეტგაზეთი | სომხეთის და აზერბაიჯანის მედია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე სხვადასხვა მონაცემს აქვეყნებს სომხეთის და აზერბაიჯანის მედია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე სხვადასხვა მონაცემს აქვეყნებს – Netgazeti
RU | GE  

სომხეთის და აზერბაიჯანის მედია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე სხვადასხვა მონაცემს აქვეყნებს

სომხეთის და აზერბაიჯანის მედიასაშულებები განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ იმის შესახებ, თუ რამდენჯერ დაირღვა მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

გასული დღეების განმავლობაში აზერბაიჯანულმა მხარემ დაახლოებით 400-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, წერს სომხური ინტერნეტგამოცემა news.am-ი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.

 

ინტერნეტგამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის პოზიციებიდან, სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით, 6500-ზე მეტი გასროლა მოხდა.

 

“სომხეთის შეიარაღებული ძალების მოწინავე ერთეულები საზღვარს იცავენ და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან პასუხი გასცენ მოწინააღმდეგის ნებისმიერ ძალისხმევას” – წერს news.am-ი, რომლის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის მხრიდან მინიმუმ 25 დაღუპული და 30 დაჭრილია.

 

გასული 24 საათის განმავლობაში სომხეთის სამხედრო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე წერს აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემა bakupost-იც. მისი ინფორმაციით, 5 აგვისტოს სომხეთის სამხედრო ძალებმა აზერბაიჯანული და სომხური ჯარების შეხების ხაზთან, სხვადასხვა მიმართულებით, 161-ჯერ  დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ამ ინფორმაციას bakupost-ი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

“სომხეთის სამხედრო ძალებმა, რომლებიც განლაგებული არიან სიმაღლეებზე და სომხეთის რაიონ მოსესგეხ ბერდსკის  სოფლებში – ჩინარლი და აიგეპარი, ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის სამხედრო ძალებს, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ თოვუზის რაიონის სოფლებში- კოხანაბი და აგდამი,” – წერს bakupost-ი.

 

აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე
აზერბაიჯანი-ყარაბაღის გამყოფ ხაზზე

 

აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბახის საკონტაქტო ხაზთან შეიარაღებული დაპირისპირება 2 აგვისტოს მოხდა. ვითარება კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბულია. საერთაშორისო საზოგადოება მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი