13 თებერვალს თბილისში წიგნის, სახელწოდებით “ქალები და ქალთა საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921) “ პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომი ლელა გაფრინდაშვილის ავტორობით მკვლევართა ჯგუფმა მოამზადა და მასში ასახულია ამ პერიოდის საქართველოში ქალთა სამოქალაქო, პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტიურობის შესახებ არსებული ისტორიული მასალებია.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი და წიგნის თანაავტორი ლელა გაფრინდაშვილი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, მსგავსი ნაშრომის შექმნის იდეა ამ მიმართულებით ინფორმაციის სიმწირის გამო გაჩნდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2018-2021 წლების პერიოდი პირვლი რესპუბლიკის საიუბილეო წელია, ქალთა საკითხებზე საკმარისად ყურადღება არ მახვილდება:
“მინდოდა ფოკუსირებულად ამ პერიოდის ქალებზე გვემუშავა და მოგვეცვა ისეთი სფეროები, როგორებიცაა კოოპერაცია, 1917 წელი, როგორც 1918 წლის მოსამზადებელი პერიოდი, ქალთა სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობა და ქალთა გაერთიანებები. ასევე, 1919 წლის არჩევნები, სახალხო უნივერსიტეტები და პროფკავშირები. ეს იყო ის სფეროები, რაზეც მკვლევრები, მათ შორის ცისანა გოდერძიშვილი, სალომე ჭანტურიძე, ირაკლი ირემაძე, ირაკლი ხვადაგიანი და მე ლელა გაფრინდაშვილი ვმუშაობდით”, – ამბობს გაფრინდაშვილი.
მისი თქმით, მკვლევრების მიერ მოძიებული მასალები მოიცავს წერილებს და სხვა ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც წიგნში უცვლელადაა შესული:
“ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ანალიტიკურ სტატიებზე მეტად წარმოგვეჩინა, თავად ამ ეპოქაში ვინ წერდა და რას წერდა ამ თემებზე. მინდოდა, მკვლევრების სტატიების ნაცვლად, სადაც გაანალიზებული იქნებოდა ეს მასალები, თავად წაიკითხოს ისინი მკითხველმა და შეიგრძნოს”, – ამბობს მკვლევარი.