ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, გაზის სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირება მოხდა ნავთობისა და გაზის კორპორაციის მოგებიდან. დღეს, 13 თებერვალს, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 2018 წელს კორპორაციის მოგება 150 მლნ ლარს შეადგენდა.
როგორც ის ამბობს 2018 წლის დეკემბრის ბოლოს, როცა სემეკს 2019 წლის გაზის ტარიფი უნდა განესაზღვრა, მოსახლეობისთვის ტარიფის მატება გარდაუვალი იყო. მინისტრის მოადგილის მტკიცებით, სწორედ ამის გამო სახელმწიფომ ტარიფის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.
“2019 წლის დასაწყისში იყო იმის საშიშროება, რომ მოსახლეობის სოციალური ტარიფი გაზრდილიყო. ტარიფის ზრდის მიზეზი გახდა კომპანიების ინვესტიცია და გაზიფიკაციის პროგრამა. საქართველოს მსგავსი გაზიფიკაციის პროცესი ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც არ არის. რა თქმა უნდა, კერძო კომპანიას სურს ეს ტარიფში ასახოს. შესაბამისად, სახელმწიფომ მიიღო საკმაოდ რთული გადაწყვეტილება და ტარიფის სუბსიდირება თავის თავზე აიღო. ამის წყარო არის ნავთობისა და გაზის კორპორაცია. ინფორმაცია, რომ კორპორაცია გაკოტრების პირას არის, სიცრუეა, 2017 წელს მან 220 მლნ ლარის მოგება მოიტანა, 2018 წელს კი 150 მლნ ლარის მოგება იყო. ჩავთვალეთ, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიას, თავისი მოგებიდან გამომდინარე, შეუძლია იტვირთოს მოსახლეობის ტარიფის სუბსიდირება,”-აცხადებს თურნავა.
მინისტრის მოადგილეს არ უთქვამს, რა ოდენობის თანხა გამოყო კორპორაციამ ტარიფის სუბსიდირებისთვის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ 26 დეკემბერს მხარი დაუჭირა “სოკარ ჯორჯოა გაზის აბონენტებისთვის გაზის ტარიფის 0.011 თეთრით შემცირებას. შედეგად, 2019 წლის პირველი იანვრიდან, 56.940 თეთრის ნაცვლად, აბონენტები 56. 929 თეთრს იხდიან ერთ კუბურ მეტრზე. მცირედით, 0.012 თეთრით მოხდა ტარიფის შემცირება “საქორგაზის” შემთხვევაშიც. პირველი იანვრიდან, 57.011 თეთრის ნაცვლად, მომხმარებლები 56. 999 თეთრს იხდიან. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში გაზის ტარიფი 0.014 თეთრით გაიაფდა.