საქართველოს პრემიერის, მამუკა ბახტაძის თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლების მოსამართლეთა დანიშვნა-არდანიშვნის საკითხში ჩართულობა “მახინჯი” და წარსულს ჩაბარებული პრაქტიკაა”. აღნიშნული მან დღეს, 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სასამართლოს რეფორმა არის ძალიან სენსიტიური თემა და აქ ყველას ჩართულობა ძალიან მნიშნვლეოვანია, მაგრამ ამავე დროს დავაფიქსირე აღმასრულებელი ხელისუფლების ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენ ეს ჩავაბარეთ წარსულს. მე, ისევე როგორც თქვენს კითხვაში, ბევრ სხვა კითხვაშიც ეს ქვეტექსტი დამინახავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, ვინაიდან თავის დროზე იყო ჩართული, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნაში – ეს ასე უნდა გაგრძელდეს და ეს არის ბუნებრივი – ეს არის მახინჯი, ეს არის სიმახინჯე.
ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, მათ შორის მეც, გვაქვს ჩვენი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობას მოსამართლეების დანიშვნაში, სახელებისა და გვარების განხილვაში და ა.შ. ეს არის სრულად მიუღებელი და არ შეეფერება დემოკრატიის იმ სტანდარტს, რომელსაც ჩვენ ვამყარებთ საქართველოში,” – ამბობს მამუკა ბახტაძე.
პრემიერი დასძენს, რომ სასამართლო რეფორმის წარმატებაზე სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. ბახტაძის მიერ მოყვანილ სტატისტიკაში 2012 წლიდან სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობა საქართველოდან 11-ჯერ შემცირებულია. პრემიერის თქმით, რიგი “პოპულისტი პოლიტიკოსები” ამბობენ, რომ სასამართლო სისტემა ისეთივეა, როგორც 2012 წლამდე იყო, თუმცა ეს სიცრუეა. ბახტაძე აქვე განმარტავს, რომ სამომავლოდ საქართველომ ამავე გზით სიარული უნდა გააგრძელოს და უფრო მეტად დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემა შექმნას.
“ჩემი შეფასებაც ასეთი გახლავთ – ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი სასამართლოში, რომელიც ასახულია საერთაშორისო რეიტინგებში, სწორედ ობიექტური კრიტერიუმების დაცვით, მაგრამ ამავე დროს გვსურს მეტი, ვინაიდან საზოგადოების დაკვეთა და, ზოგადად, საზოგადოებრივი კონსენსუსი ის არის, რომ ჩვენ დემოკრატიული რეფორმების გატარება გვჭირდება იმ სტანდარტების მისაღწევად, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება სახელსა და გვარებს, მე, რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქეს, შეიძლება მქონდეს პირადი დამოკიდებულებები ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს ჩაერევა კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნასა და არდანიშვნაში. ეს არის მიუღებელი და ეს წარულს ჩაბარდა,” – განმარტავს მამუკა ბახტაძე.
ამავე თემაზე
სასამართლო “გაჯანსაღდა” “ოცნებისთვის” და არა ქვეყნისთვის – ინტერვიუ გიორგი მშვენიერაძესთან