საბჭოთა საქართველოს ისტორია ჰარვარდის არქივში

დავით ჯიშკარიანი


მეორე  მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტმა უნიკალური პროექტი დაიწყო. ის მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის ყოველდღიური ყოფისა და ცხოვრების შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მოგროვებას.

ამ დროს ევროპაში რამდენიმე ათასი  ჯარისკაცი ცხოვრობდა ლტოლვილის სტატუსით. უმეტესობა ნაცისტური გერმანიაში ტყვედ იყო ნამყოფი და საბჭოეთში უკან დაბრუნების ეშინოდა. მათთან და ემიგრანტებთან ინტერვიუებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება იყო შესაძლებელი.

ზუსტად ამ მიზნით დაიწყო პროექტი, რომელიც განახორციელა სოციოლოგმა ალექს ინკელესმა (Alex Inkeles) და სოციოფსიქოლოგმა რაიომონდ ბაუერმა (Raymond Bauer). პირველი ინტერვიუები 1949 წელს მერლი ფაინსოდმა (Merle Fainsod) და პაულ ფრიდრიხმა (Paul Friedrich) ჩაწერეს .

1950-1953 წლებში რამდენიმე ასეული ინტერვიუ შეგროვდა პირებისგან, რომლებიც დასავლეთ გერმანიაში, ავსტრიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ.

ისინი ესაუბრებოდნენ სხვადასხვა სფეროს, სოციალური ჯგუფისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს. ისინიც ყვებოდნენ ისტორიებს მათი ოჯახის, მეგობრების და სამსახურის შესახებ.

ამ მასალებით დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ახლავე შევიდეს ვებგვერდზე, საძიებო ველში ჩაწეროს Georgia (საქართველო), დააჭიროს Enter-ს და საბჭოთა საქართველოს შესახებ უნიკალური ინფორმაცია მოიძიოს.

ინტერვიუები განსხვავებული სფეროებიდანაა. ზოგი რას ყვება და ზოგი- რას. სახელი და გვარი უმეტეს შემთხვევაში დაშიფრულია. ინტერვიუერის ვინაობის გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია, სამაგიეროდ მათი ბიოგრაფიები და ცხოვრებაა გასაგებიც და საინტერესოც.

1951 წელს მიუნხენში ჩაწერეს ინტერვიუ 34 წლის ქალთან  რომელიც თბილისში ცხოვრობდა. ის აღწერს იმ პირობებს, სადაც არსებობა უწევდა.  თუ როგორ მალავდა დიდი ხნის განმავლობაში თავის წარმოშობას, რადგან ინტელიგენციის კლასიდან იყო და არა მუშათა წრიდან.  

იმ დროს მუშათა კლასი დეკლარირებულად ძალიან პრივილეგირებული იყო საბჭოეთში. მისი პირველი ქმარი პოლონური წარმოშობის საბჭოთა ოფიცერი იყო. სამხედროების უმრავლესობასაც მუშათა კლასიდან ჰყავდათ ცოლები. ისინი სხვა კლასის წარმომადგენლებს განსხვავებულად უყურებდნენ, როგორც სოაციალური იერარქიის უფრო დაბალ საფეხურზე მყოფებს.  

ჩეკისტები მუდმივად ინტერესდებოდნენ მისი ქმრით.  შინსახკომი უთვალთვალებდა და სხვადასხვა ტიპის გამოცდებს უწყობდა მას. ბოლოს ქალი შინსახკომთან თანამშრომლობას დათანხმდა და ქმარზე ინფორმაციას აწვდიდა.

რეპრესიების დროს ქმარი დახვრიტეს. ერთხელ ჯაშუში ქალი საქართველოს შინსახკომიდან ბათუმში გააგზავნეს, გერმანელი ჯაშუში რომ გაენეიტრალებინა, მოეპოვებინა მისი საცხოვრებელი სახლიდან ფოტო. მან ეს გააკეთა, ფოტო გაამრავლა და უკან დაბრუნდა.  

მოგვიანებით მას შეუყვარდა შინსახკომის ოფიცერი. დატოვა საქართველო და სამუშაოდ ჩრდილო კავკასიაში გადავიდა.

ნაცისტების მიერ ჩრდილო კავკასიის დაკავების მერე თანამშრომლობდა ნაცისტურ დაზვერვასთან. ინტერვიუერები ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ მის ჩვენებებს და ცდილობდნენ გაერკვიათ, ვინ იყო ის რეალურად.  

ამ ქალის ცხოვრება ძალიან მძიმე ჩანს, არც ინტერვიუების ჩამწერებს ედგათ კარგი დღე. აი, მკითხველისთვის კი ნამდვილად საინტერესოა.  გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ ამბავი შუა გზაზე წყდება. მერე აღარ იცი, ამ ადამიანებს რა ბედი ეწიათ. აბა, საიდან გვეცოდინება, ჰარვარდის პროექტს ხომ სულ სხვა მიზანი გააჩნდა.

აქ ყველა ინტერვიუ ერთმანეთზე საინტერესოა და ბევრი ინფორმაციის შემცველიცაა. ძნელად თუ იპოვის ადამიანი ჟურნალისტის ისტორიას, რომელიც 1934-1941 წლებში თბილისში, რუსულენოვან გაზეთ ზარია ვასტოკაში ( Заря Востока) მუშაობდა.

ამ სამსახურის მისაღებად კი მან საკმაოდ გრძელი გზა განვლო, კომკავშირის წევრიც იყო და მოსკოვშიც ჰქონდა დამთავრებული ჟურნალისტიკის ინსტიტუტი. სწავლის პარალელურად კი მუშაობდა კომსომოლსკაია პრავდასა (Комсомольская Правда) და ვეჩერნაია მოსკვაში (Вечерняя Москва).

ის აღწერს სრულ პროცედურას, თუ როგორ მუშაობდნენ ჟურნალისტები სსრკ-ში. როგორ ამოწმებდა მათ ბიოგრაფიას შინსახკომი. თუ გაზეთის პირველ გევრდზე იქნებოდა სტალინის ან პოლიტბიუროს წევრების პორტრეტები, მაშინ მეორე გვერდზე ფოტო საერთოდ არ უნდა ყოფილიყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი განყოფილებები გაზეთში იყო პარტიული განყოფილება და საერთაშორისო ამბების განყოფილება, სადაც ყველაფერი დირექტივის მიხედვით უნდა ყოფილიყო.

უცხოური პრესის წაკითხვის უფლება მხოლოდ განყოფილების რედაქტორს და მთავარ სპეციალისტს ჰქონდა. ყველა ადამიანი, ვისაც უცხოური გაზეთების წაკითხვის უფლება ჰქონდა, სპეციალურად იყვნენ აღრიცხულნი შინსახკომის პრესის სექციაში.

ლავრენტი ბერიას სულ ორჯერ აქვს ინტერვიუ მიცემული ჟურნალისტებისთვის, მაშინ როდესაც 20 წელზე მეტი ხანი მუშაობდა თბილისში ძალიან მაღალ თანამდებობებზე.

1936 წელს, როდესაც ბასკი ფეხბურთელები ჩამოვიდნენ თბილისში, ზარია ვასტოკას რეპორტიორებს დართეს უფლება, თავისუფლად ელაპარაკათ ფეხბურთელებთან, მაგრამ არცერთმა რეპორტიორმა არ იცოდა ესპანური, მათ უნდა გამოეყენებინათ თარჯიმანი, რომელიც იყო შინსახკომის კადრი.

იყვნენ პრივილეგირებული, განსაკუთრებული ჟურნალისტები, ვისაც ჰქონდა უფლება ჩაეწერა ინტერვიუ პოლიტბიუროს წევრებთან.

აქვეა ინტერვიუ იმედგაცრუებულ მიხეილ კედიასთან. მამამისი – მელქისედეკ (მექი) კედია დამოუკიდებელ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს „საგანგებო რაზმის“ მეთაური იყო. ემიგრაციაში 19 წლის ასაკში წავიდა. მერე აქტიურად თანამშრომლობდა ნაცისტურ რეჟიმთან და იყო აბვერის ოფიცერი.

მიხეილ კედიას ინტერვიუ

ინტერვიუში ის 1942 წლის შესახებ საუბრობს, როდესაც ნაცისტური ჯარები უკვე კავკასიააში შევიდნენ. მას თავისი მეგობრის, ბერიშვილის საშუალებით უნდოდა, რომ ბერიას საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადებინა, ხოლო ნაცისტები მის პირად უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.

ინტერვიუს დროს ის პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ იყო, ამ დროს საფრანგეთში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი ომის დამნაშავეთა წინააღმდეგ.  ტყუილ-მართლის გარკვევა ამ წყაროში მომავლის საქმეა.

მსგავსი არერთი ინფორმაციაა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაში მოცემული, რომელიც ღიაა და ყველა მსურველს შეუძლია უფასოდ ჩამოწეროს და უფასოდ გაეცნოს. არავინ გიდგენს ლიმიტს და არავინ გითვლის გვერდებს.

საქართველოში მკვლევრებისთვის მსგავსი მიდგომა ფანტასტიკის სფეროდანაა. ჩვენთან არქივები ძალიან ძვირი და ხელმიუწვდომელიცაა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ერთი გვერდის ქსეროქსი, სკანირება და საკუთარი ფოტოაპარატით გადაღებაც კი 3 ლარი ღირს. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მსგავს შეზღუდვებს უწესებენ მკვლევრებს, მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს, რაც შეიძლება ნაკლები მკვლევარი მივიდეს არქივში სამუშაოდ და ის მხოლოდ ვიწროუწყებრივ, ცნობების გამცემ კანტორად დარჩეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი