საკონსტიტუციო სასამართლო 13 თებერვალს განიხილავს “რეიდების”, ანუ სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწყების სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურობას.
საქმე, რომელზეც არსებითი განხილვის სხდომა იმართება, არის “საქართველოს მოქალაქეები – გურამ იმნაძე და მარიამ ბეგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. იმნაძე და ბეგაძე წარმოადგენენ არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს.
მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმა — “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი — არ ახდენს დანაშაულების/სამართალდარღვევების სიმძიმის მიხედვით დიფერენცირებას და მსუბუქი ხასიათის სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნებისთვისაც კი შესაბამის ღონისძიებად მიიჩნევს სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწყებას, რაც არაპროპორციული და არაგონივრულია.
მოსარჩლის მტკიცებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს აგრეთვე მასში გამოყენებული ტერმინების ბუნდოვანება.
“მოსარჩლეები მიუთითებენ, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლისას პოლიცია უფლებამოსილია შეზღუდოს პირადი ცხოვრების უფლება, კერძოდ, განახორციელოს შემოწმება-დათვალიერების საპოლიციო ღონისძიებები მაშინაც კი, თუ შესამოწმებელ პირთან მიმართებით დასაბუთებული ეჭვები არ არსებობს. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა ხდება სასამართლო კონტროლის გარეშე, რაც წინააღმდეგობაშია ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან.
დასახელებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, მოსარჩლე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში ფართომასშტაბიანი ჩარევის პარალელურად, ადგენს ამგვარი ჩარევის გაუმართლებლად დაბალ სტანდარტს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს”, – წერია საკონსტიტუციოს გავრცელებულ პრესრელიზში.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.