საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებს და “მხარდაჭერას უცხადებს სოციალურ მუშაკებს, რომლებიც წლების განმავლობაში საქმიანობას ახორციელებენ არასათანადო პირობებში, მინიმალური ფინანსური და ადამიანური რესურსებით”, – ამის შესახევ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ცნობილია, სოცმუშაკები არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ და გაფიცვისთვის ემზადებიან.
“სახალხო დამცველი მუდმივად საუბრობს სოციალურ სამსახურის სისტემურ პრობლემებზე, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე.
შემაშფოთებელია, რომ წლების განმავლობაში ვერ გადაიჭრა სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების, სამუშაო ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების პრობლემური საკითხები. ქვეყანაში არსებულ სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ბავშვთა სიღარიბე, ბავშვის მიმართ ძალადობა, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობა სწორედ სოციალურ მუშაკს ეკისრება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ დროულად გაატაროს ყველა სათანადო ღონისძიება სოციალური სისტემის რეფორმის მიზნით”, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“სახელმწიფომ სრულად უნდა გაიაზროს სოციალური მუშაკის როლი ქვეყანაში ეფექტური სოციალური სისტემის შექმნის პროცესში და აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს მისცეს შესაძლებლობა, სათანადო სამუშაო პირობებში განახორციელონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და ისარგებლონ დაცვისა და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით.
სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს პროცესში ჩართულ სოციალურ მუშაკებს სისტემაში არსებული პრობლემების განხილვის მიზნით.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადაუდებლად იმოქმედონ აღნიშნული პროფესიის გასაძლიერებლად, რადგან ქვეყანაში არსებული არაერთი გამოწვევა სწორედ სოციალური მუშაკის საქმიანობის ეფექტურობაზეა დამოკიდებული”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ამავე თემაზე
“ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ სამუშაო პირობებს” – სოცმუშაკები გაფიცვისთვის ემზადებიან