14 თებერვლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმებას დაიწყებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა. საუბარია იურიდიული პირების საკუთრებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ნაგებობებზე.
სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას, გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება. კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, საგანეგო სიტუაციების სამსახურს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება,”-წერია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ყოველწლიურად იზრდება ხანძრით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, 2018 წელს კი საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა ტრავმა მიიღო. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.