ახალი ამბები

მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრების თქმით, კაცი ფსიქიატრიულში არ მიიღეს

10 თებერვალი, 2019 •
მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის მეგობრების თქმით, კაცი ფსიქიატრიულში არ მიიღეს

რუსთავში, 13 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის მეგობრები აცხადებენ, რომ ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და შესაბამის დაწესებულებასაც მიმართეს:

“შევხედეთ, რომ არაადეკვატურად იქცეოდა ჩვენი მეგობარი და წავიყვანეთ რუსთავი კლინკაში. ანალიზები გაუკეთეს და გვითხრეს, ჩვენი პაციენტი არ არისო, თბილისში იყო წასაყვანი ფსიქიატრიულში. ერთგან ადგილები არ ჰქონდათ მეორეგან თანხა მოგვთხოვეს” – ამბობს დაკავებულის მეგობარი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბრალდებულის კიდევ ერთი მეგობარი კი აცხადებს, რომ ფსიქიატრიულში კაცი ადგილების უქონლობის გამო არ დაიტოვეს, ნარკოლოგიურში კი წინასწარ 3 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს:

“ფსიქიატრიულში საერთოდ ადგილი არ არისო, წესიერად არც შეამოწმეს. გასაგებად აუხსნეს, რომ რაღაცებს ხედავს, რაღაცები ეჩვენება, რაღაცები ავიწყდება, ვიღაცა დასდევს… ადგილები არ არისო. მერე გვერდზე შევედით, ორივე ხომ ერთად არის, ნარკოლოგიურიც და ფსიქიატრიულიც.

იქ დაველაპარაკეთ, რომ შველა სჭირდება და იქ გვითხრეს 3000 ლარი არის გადასახდელიო. ჩვენ ვუთხარით, რომ ფულს, ჩამოვიტანთ, პრობლემა არ არის, უბრალოდ ამას რა ვუყოთ? ვერ დავტოვებთო, ფული წინასწარ უნდა გადაიხადოთო. ადამიანმა თქვა, მე რა ვქნა, ასეთი კანონია, მე ვერაფერს ვიზამო” – ამბობს ბრალდებულის მეგობარი “კურიერთან

როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე ტელეკომპანია “იმედთან” ამბობს, ბრალდებული კლინიკაში დარჩენაზე უარს თავად აცხადებდა:

“გარშემომყოფებისთვის საშიში მოცემულ მდგომარეობაში არ ყოფილა. ზედაპირული დაკვირვებით აღენიშნებოდა გარკვეული ნარკოტიკული თრობის მდგომარეობა. მაგრამ ის, რომ იმ მომენტში ყოფილიყო აქტიური ფსიქოზი, არ ვლინდებოდა. თითონ მოქალაქე უარს აცხადებდა მკურნალობაზე. აღნიშნავდა, რომ არ საჭიროებდა არანაირ მკურნალობას” – ამბობს კილაძე.

ექიმი თამარ ალადაშვილი კი ტელეკომპანია “იმედთან” ამბობს რომ მკურნალობა ყველა პაციენტს უტარდება ვინც კლინიკას გუშინ სტაციონარში მოთავსების სურვილით მიმართა.

რუსთავში, 13 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით მოკლული მოზარდის ბიძა დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი