ახალი ამბებიხელოვნება

ეროვნული მუზეუმი: ძვ.წ. V საუკუნის სამკაულის ფრაგმენტის გაყიდვაზე ინფორმაცია სიცრუეა

10 თებერვალი, 2019 • 5345
ეროვნული მუზეუმი: ძვ.წ. V საუკუნის სამკაულის ფრაგმენტის გაყიდვაზე ინფორმაცია სიცრუეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V საუკუნით დთარიღებული ყელსაბამის ფრაგმენტი ე.წ. შავ ბაზარზე გაიყიდა, უარყოფს.

მუზეუმში აცხადებენ, რომ ცნობა იმის შესახებ, თითქოს სამკაულს აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა – სიცრუეა:

“მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2013 წელს შეიქმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წწ ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.

კომისიის მუშაობის შედეგად მიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ: „კომისიის მიერ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დადგინდა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს“ – აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.

როგორც მუზეუმში ამბობენ, ვანის ყელსაბამი წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზე, ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს.

ეროვნული მუზეუმის განცხადებით,გამოფენის დასრულების შემდეგ, 5 მარტიდან, კი კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი