ახალი ამბები

“კირილმა დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს კანონიკური ტერიტორიაა”

8 თებერვალი, 2019 • 2820
“კირილმა დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს კანონიკური ტერიტორიაა”

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) აცხადებს, რომ მოსკოვში შეხვედრისას რუსეთის პატრიარქმა  დაადასტურა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად თვლის.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა საპატრიარქოს ტელევიზიაში სტუმრობისას განაცხადა.

“რუსეთის ეკლესიის მეთაურმა დაადასტურა, რომ რუსეთის ეკლესია მყარად აღიარებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორია”, – განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

თებერვლის დასაწყისში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს ინტრონიზაციიდან 10 წლისთავი მიულოცა. ილია მეორის შესაბამისი წერილი კირილს საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ ჩაუტანა, რომელიც მოსკოვში, დანილოვის მონასტერში გამართულ ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიება რუსეთის პატრიარქისა და სინოდის რეზიდენციაში 31 იანვარს გაიმართა. საქართველოს დელეგაციაში გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია(გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების მოადგილე, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი შედიოდნენ.

წერილის აღწერის ველში მოსკოვის საპატრიარქო ილია მეორეს სრული ტიტულით, ტრადიციულად, არც ამჯერად იხსენიებს. ილია მეორის სრული ტიტული ასეთია: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა. მოსკოვის საპატრიარქოს გვერდზე კი ის მოხსენიებულია, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

მასალების გადაბეჭდვის წესი