ახალი ამბები

“აბსურდი და დამონტაჟებული მასალა” – ბატიაშვილი სერგი კაპანაძის ექსპერიმენტზე

8 თებერვალი, 2019 •
“აბსურდი და დამონტაჟებული მასალა” – ბატიაშვილი სერგი კაპანაძის ექსპერიმენტზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ცილისწამებასა და ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

ბატიაშვილმა, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი დღის განმავლობაში მოხსენებით გამოდიოდა და დეპუტატების კითხვებს პასუხობდა, თავის შემაჯამებელ გამოსვლაში თქვა, რომ დეპუტატების ნაწილის მხრიდან იყო გასათვალისწინებელი საქმიანი კრიტიკა, მაგრამ, მეორე მხრივ, ადგილი ჰქონდა აბსურდს და ტყუილს, მათ შორის, 4-5 წამიანი დამონტაჟებული მასალის ჩათვლით.

“მე მინდა მოგიწოდოთ, რომ თუ გყოფნით იმის უნარი, რომ ასეთი მასალა გაუშვათ, გაუშვით ბოლომდე. ეს ყველაფერი გავლილია. შეურაცხყოფა, ის ტყუილი, ის მონტაჟი  და ამ მონტაჟზე აგებული ცილისწამება, რასაც აქ ვუსმენ… მაქვს აბსოლუტური დეჟა ვიუ, რომ მე ვცხოვრობ დაახლოებით 9 წლის წინ, მაგრამ რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო “ქართულ ოცნებას”, არის ის, რომ როდესაც დღეს აქედან გავალ, აღარ ვცხოვრობ 9 წლის წინ. მე ვცხოვრობ სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც ასეთ ადამიანებსაც აქვთ აზრის გამოთქმის უფლება და შეგვიძლია, ერთად ვუსმინოთ, როგორც ჩვენ შეგვეფერება – ღირსეული პასუხუბით”, – განაცხადა ბატიაშვილმა.

“ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიდეო აჩვენა, სადაც განათლების სამინისტროში საჩივრის ჩაბარების პროცესი არის ასახული. როგორც ვიდეოში ისმის, განცხადების ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი საჩივრის ავტორს ეუბნება, რომ თუ დოკუმენტზე განმცხადებლის სახელი, გვარი და მისამართი წერია, მასში პირადი ნომერი და ტელეფონიც უნდა იყოს მითითებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საჩივარს ვერ ჩაიბარებენ.

როგორც დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ლავრენტი ქირიას საჩივარს კი, რომელიც იმ სკოლაში შესაძლო დარღვევას ეხებოდა, რომლის დირექტორიც გარდაცვლილი ია კერზაია იყო, ეს მონაცემები თან არ ახლდა და მხოლოდ სახელი და გვარი იყო დატანილი. ამასთან, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ განათლების სამინისტროში არარსებული მოქალაქის, ლავრენტი ქირიას წერილი ზუგდიდის მე-6 სკოლაში დარღვევების შესახებ 8 ნოემბერს, 14:30 საათზე შევიდა, 2 წუთში დარეგისტრიდა და გადაეგზავნა მინისტრს, 2 წუთში გაეცნო მინისტრი, 3 საათში წერილმა მთელი სისტემა შემოიარა და 18:00 საათზე მინისტრის ბრძანება სკოლის შემოწმების შესახებ ელექტრონულ სისტემაში განთავსდა, მივლინების ბრძანება კი 18:01 საათზე დაიწერა. გენინსპექციის ჯგუფი ზუგდიდში, კაპანაძის თქმით, სავარაუდოდ, 9 ნოემბრის 04:00 ან 05:00 საათზე გაემგზავრა, რადგან დილის 10 საათზე უკვე მე-6 საჯარო სკოლაში იყო.

ამ თემაზე სიუჟეტი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მაც მოამზადა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ზუგდიდის იუსტიციის სახლში მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით ლავრენტი ქირიას სახელითა და გვარით რეგისტრირებული ყველა მოქალაქე წლების წინ გარდაიცვალა.

მაშინ “ნეტგზეთს” განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ გამომდინარე იქიდან, საჩივრის ავტორს შეუძლია ანონიმურად მიმართოს სამინისტროს, პირადი ნომრის დოკუმენტში მითითება სავალდებულო არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი